„არასდროს ისადილოთ მოედანზე!“ – აფრთხილებს ყველას რომის მთავარი გასტრონომიული წესი, რადგან რესტორნები მიმზიდველი რეკლამით მხოლოდ გულუბრყვილო ტურისტებისთვისაა, მათ კი, ვისაც ნამდვილი იტალიური სამზარეულოს დაგემოვნება სურს რამდენიმე საჭირო მისამართით უნდა შეიარაღდეს.
DER PALLARO, Largo del Pallaro, 15 – რესტორანი, რომელიც 1955 წელს გახსნეს მარიო და ჯოვანი ბატისტა ფაზიმ, დიდ იტალიურ ოჯახს ჰგავს ფედერიკო ფელინის ფილმიდან. ოჯახურ ბიზნესს სინიორა პაოლა ხელმძღვანელობს, რომელიც სტუმრებს ხუთი უცვლელი კერძისგან შემდგარ მენიუთი უმასპინძლდება და მხოლოდ ღვინისა, გამაგრილებელი სასმელის არჩევის უფლებას აძლევს.
SORA MARGHERITA, Piazza delle Cinque Scole, 30 –ადგილობრივების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი რესტორანი, რომელიც 1927 წელს გაიხსნა რომის ყოფილი გეტოს რაიონში, ნამდვილი გასტრონომიული მარგალიტია, რომელიც ყოველდღიურად ანახლებს მენიუს, თუმცა უცვლელად ტოვებს საფირმო პასტას cacio e pepe-ს და „ამარეტოს“ ლიქიორში ჩაძირულ უგემრიელეს ტირამისუს.
L’ANTICA BIRRERIA PERONI, Via di S. Marcello, 19 – ლუდის რესტორანი, რომელიც 1902 წელს გაიხსნა ლუდის ყოფილ საცავში, გურმანებს სასმელის რამდენიმე სახეობის და მრავალფეროვანი მენიუს (ბრინჯის „ბურთებს“, ცუკინის შემწვარ ყვავილებს, პასტას არტიშოკით, ბიშტექსს, ფლორენციულ სტეიკს კარტოფილით და ხორცის ასორტის) დაგემოვნებას სთავაზობს.
PONTE E PARIONE, Via di Santa Maria dell’Anima, 62 – რესტორნებით და კაფეებით ცნობილი პიაცა ნოვას ნამდვილი სიამაყე სწორედ ოჯახური ponte e parione-ა, რომელმაც სახელი უგემრიელესი პასტა პიჩითი და სამი სახეობის ყველით, თინუსით და წითელი ხახვით მომზადებული პიცით გაითქვა.
AI TRE SCALLINI, Via Panisperna, 251 – რესტორანი, რომელიც 1825 წელს გაიხსნა, თავიდან მხოლოდ ახალგაზრდებს იზიდავდა, თუმცა ინტერიერის განახლების შემდეგ, Ai tre scallini საოცრად მყუდრო გასტრონომიულ ცენტრად იქცა, სადაც უგემრიელესი კარპაჩოსა და ლაზანიას მირთმევა არაჩვეულებრივი მუსიკის ფონზე შეიძლება.
OSTERIA DA MARCELLO, Via dei Campani, 12 – მართალია, პატარა ოჯახური რესტორანი არცერთ ტურისტულ მეგზურში არაა მონიშნული, მაგრამ მაგიდის დაჯავშვნაზე მაინც წინასწარ უნდა იზრუნოთ, რადგან ბურატა წითელი ხახვით და ბრუსკეტა პეკარინოთი და თაფლით, უამრავ გურმანს იზიდავს.
TIBERINO RISTORANTE BAR, Via di Ponte Quattro capi, 18 – იზოლა ტიბერინოზე, 1936 წელს ბუნგაროს ოჯახის მიერ გახსნილი რესტორანი ერთნაირად კარგად ერგება როგორც დილის ესპრესოს, ისე ლანჩს და რომანტიკულ ვახშამს.
RISTORANTE CARLO MENTA, Via della Lungaretta, 101 – გასტრონომიულ მექად წოდებულ ტრასტევერეში მოთავსებულ რესტორანში მხოლოდ ადილობრივები იკრიბებიან, რადგან ტურისტებს მოკრძალებული ინტერიერი აფრთხობს და ყოველთვის გვერდს უვლიან რომაული სამზარეულოს უგემრიელეს კერძებს.
ALEMBIC, Piazza in Piscinula, 51 – ბარი-გალერეა, სადაც მასტერკლასებს აწყობს და მსურველებს ავთენტური იტალიური კოქტეილების რეცეპტებს აცნობს, ლანჩზე სალათითა და სენდვიჩით უმასპინძლდება, ვახშმის გახალისებას კი, ახალგაზრდა მხატვრების ფერწერული ნამუშევრების გამოფენით სთავაზობს.