2017 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ქართული ბანკების სამეთვალყურეო საბჭოში ქალები 9 პროცენტს, ხოლო დირექტორთა საბჭოში 16 პროცენტს წარმოადგენენ, ამის მიუხედავად, “სებ”-მა გენდერული კვოტის დაწესება გადაწყვიტა და ინიციატივაც კი წარმოადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის მიერ ხელმოწერილი ბრძანებით, ქვეყნის საფინანსო სექტორს ახალი ვალდებულების დაკმაყოფილება მოუწევს – ეს გენდერული კვოტების მოთხოვნაა.
კომერციული ბანკების კორპორატიული მართვის კოდექსის მიხედვით, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს 20% უნდა შედგებოდეს ქალებისგან. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის ბანკებს ვადა 2019 წლის ბოლომდე მიეცათ.
“ბანკმა უნდა უზრუნველყოს სამეთვალყურეო საბჭოს იმგვარად დაკომპლექტება, რომ დაცული იყოს მოსაზრებათა მრავალფეროვნების ბალანსი. აღნიშნული გულისხმობს საბჭოს განსხვავებული უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის და გამოცდილების მქონე პირებით დაკომპლექტებას. ამასთან, სამეთვალყურეო საბჭოს მინიმუმ 20% (არანაკლებ 1 წევრი) უნდა შედგებოდეს მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისგან,” – წერია ბრძანების მეხუთე მუხლის მერვე პუნქტში.
იმოქმედებს თუ არა ბანკის შემოსავლიანობაზე ან საქმიანობაზე ინიციატივა, რადიო „ფორტუნა“ „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელსა და გამგეობის თავმჯდომარეს გიორგი კეპულაძეს ესაუბრა.
მისი შეფასებით, გენდერული კვოტების დაწესება ბანკის საქმიანობაში დიდ ცვლილებებს ვერ შეიტანს და ამავდროულად, ის წინააღმდეგია ხელოვნურად დაწესებული რეფორმების.
„მე მეეჭვება, რომ ამან ზოგადად ბაკნის საქმიანობაზე ან შემოსავლიანობაზე დიდად იმოქმედოს, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი კუთხით, განსაკუთრებული ზეგავლენა ალბათ, ამ ამბავს არ ექნება, თუმცაღა მე არ ვარ ხელოვნური კვოტირებების მომხრე და მითუმეტეს კერძო უწყებებში, ბანკების სამეთვალყურეო საბჭო დაკომპლექტებულია აქციონერების ნდობის აღჭურვილი პირებით, შესაბამისად, კერძო უწყებაში ჯობს, რომ სრული თავისუფლება მივცეთ მის აქციონერებს თუ დამფუძნებლებს, თუ ვის შეიყვანენ სამეთვალყურეო საბჭოში,” – განაცხადა გიორგი კეპულაძემ.
„საქართველოს ბანკში“ კითხვაზე, როგორ იმოქმედებს აღნიშნული ინიციატივა ბანკის შემოსავლიანობაზე დადებითი ან უარყოფითი კუთხით, გვპასუხობენ, რომ ბანკი ყოველთვის იცავდა გენდერულ ბალანსს და აქტიურად გააგრძელებს ამ ტენდენციას.
„საქართველოს ბანკისათვის“ ძალიან მნიშვნელოვანია გენდერული ბალანსის დაცვა, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ საქართველოს ბანკში, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია, (6000-მდე დასაქმებული) დასაქმებულთა 67%-ს სწორედ ქალები შეადგენენ. ქალები იკავებენ წამყვან ადგილებს სამეთვალყურეო საბჭოში და სხვა მნიშვნელოვან თანამდებობებზე. “საქართველოს ბანკი” კვლავაც აქტიურად გააგრძელებს მუშაობას გენდერული თანასწორობის შესანარჩუნებლად,“- აღნიშნეს “საქართველოს ბანკში”
აღსანიშნავია ამ მხრივ საზღვარგარეთის გამოცდილებაც – გენდერული კვოტები საფინანსო სექტორში და საერთაშორისო პრაქტიკა:
ერთ-ერთი პირველი, ვინც ეს კანონი მიიღო, ნორვეგია იყო. 2006 წელს ნორვეგიამ კომპანიების, მათ შორის ფინანსური ორგანიზაციების, დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში ქალებისათვის 40 პროცენტიანი კვოტა დააწესა. ანალოგიური კანონი მიიღო საფრანგეთის პარლამენტმაც, რომელმაც 2016 წლისთვის ფრანგული კომპანიები დირექტორთა საბჭოების შემადგენლობაში ქალთა მინიმუმ 40 პროცენტამდე გაზრდით დაავალდებულა.
ჩვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის მიხედვით, გერმანიაში მიღებული კანონმდებლობით 2015 წლიდან საფონდო ბირჟაზე დარეგისტრირებული 108 კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოების შემადგენლობაში ქალებისათვის მინიმუმ 30 პროცენტიანი კვოტა განისაზღვრა.
ნუცა სალუქვაძე