General Motors-ი V8-ის დეფექტის გამო 721 ათას ახალ მანქანას უკან გამოიწვევს. ავტო გიგანტმა დაადასტურა გლობალური კამპანია, რომლის ფარგლებშიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ასი ათასობით პიკაპის და ყველგანმავლის შემოწმება მოუწევს. რისკ ჯგუფში არიან Cadillac Escalade და Escalade ESV, Chevrolet Silverado 1500, Suburban და Tahoe, GMC Sierra 1500, Yukon და Yukon XL, 2021-2024 სამოდელო წლების მოდელები, ბენზინის 6,2 ლიტრის V8 ძრავით აღჭურვილები. დეფექტის გამო ძრავა შესაძლოა მწყობრიდან გამოვიდეს.
General Motors-მა დეფექტი მას შემდეგ აღიარა, რაც ამერიკის საგზაო უსაფრთხოების ნაციონალურმა ადმინისტრაციამ გამოძიება დაიწყო. ამერიკული რეგულატორი კი ამ საქმით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც საჩივრების რიცხვმა 5 ნიშნა ნიშნულს გადააჭარბა. შემოწმებამ აჩვენა, რომ ძრავის პრობლემების გამო უკვე 28 102 ინციდენტი დაფიქსირდა. იყო სერიოზული შედეგებიც: 12-მა ადამიანმა მსუბუქი ტრავმები მიიღო, 42 შემთხვევაში კი ძრავს ცეცხლი გაუჩნდა.
GM-ის ამერიკელი დილერები პრობლემური პიკაპებისა და ყველგანმავლების მეპატრონეებს ივნისიდან დაუკავშირდებიან. ყველა მანქანას გამოუცვლიან ზეთს და ზეთის ფილტრს. დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში ძრავას შეარემონტებენ ან საერთოდ შეცვლიან. აშშ-ში რისკ ჯგუფში მყოფი 600 ათასი ავტომობილი იმყოფება.