“ქართული ოცნება” კიდევ ერთხელ, დგამს ისეთ ნაბიჯს, რომლითაც კრიმინალის მხარეს დგება ფაქტობრივად. ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში არეკეტებდა ბიზნესს, რომლის წინააღმდეგაც იყო მიმართული აქციები, დღეს “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, რომ ისევ ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსანი გახადოს.” – “ევროპული საქართველოს” წევრებმა ბრიფინგი გამართეს და დასავლეთ საქართველოს რეგიონის გენინსპექციის ოპერატიული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსად, აჭარის ყოფილი სუს-ის უფროსის მოადგილის დანიშვნას გამოეხმაურნენ.
ვახტანგ კალოიანმა და ლაშა დამენიამ აღნიშნეს, რომ მოახლოებული არჩევნების ფონზე, ქართული ოცნება კვლავ ზონდერების დაწინაურებას ცდილობს.
ვახტანგ კალოიანმა თანამდებობაზე დანიშნული ემზარ ბოლქვაძის წარსული გაიხსენა და განაცხადა, რომ აჭარაში მუშაობის დროს, ის ცნობილი იყო ბიზნესთან მისი მძიმე ურთიერთობით; მის წინააღმდეგ რამდენიმე მნიშვნელოვანი საჩივარი არსებობს ებრაელი ინვესტორებისაგან და ასევე, მასთან დაკავშირებულია რამდენიმე სამშენებლო სკანდალი:
“როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, შსს-მ დასავლეთ საქართველოს გენინსპექციის სამსახურის უფროსად დანიშნა ბატონი ბოლქვაძე, რომელიც მანამდე წლების განმავლობაში აჭარის სუს-ის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი – ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, ეს ბატონი ძალიან აქტიურად იყო ჩართული საკმაოდ მძიმე ურთიერთობებში ბიზნესთან, მის წინააღმდეგ იყო რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი საჩივარი ებრაელი ინვესტორებისგან, რომლებიც საკმაოდ დიდ ინვესტიციას აპირებდნენ აჭარაში, ასევე იყო რამდენიმე სამშენებლო სკანდალი. ის ცნობილია ბათუმში როგორც ძალიან აქტიური კომუნიკატორი ბიზნესთან, რაც არაერთხელ ყოფილა საჯარო განხილვის თემა, თუმცა სამწუხაროდ, მას არასოდეს არ მოჰყოლია სამართლებრივი რეაგირება, მიუხედავად საკმაოდ დადასტურებული და საკმაოდ მაღალი ხარისხის დასაბუთებული ვარაუდებისა, რომ ეს ურთიერთობა არ იყო კანონის ჩარჩოებში.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის პოლიტიკა, რასაც სუს-ი ზოგადად და კონკრეტულად აჭარაში ბატონი ბოლქვაძე ეწეოდა, არ გახდეს ძირითადი ურთიერთობის წესი, რისი რისკებიც, სამწუხაროდ, გვაქვს ბიზნესისთან მიმართებაში ამ ბატონის ძალიან აქტიური და არასათანადო აქტიურობიდან გამომდინარე.” – თქვა კალოიანმა.
ლაშა დამენიას განცხადებით, “ქართული ოცნება” მიზანმიმართულად აწინაურებს და ძალოვან სტრუქტურებში ხელმძღვანელებად ნიშნავს ის ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში თანხების მოკრებაში იყვნენ ჩართული:
“ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, რომ ის ისევ ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსანი გახადოს და დანიშნოს გენინსპექციის დასავლეთ რეგიონის ხელმძღვანელად, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ ქართული ოცნება კვლავ ცდილობს ზონდერების დაწინაურებას მოახლოებული არჩევნების ფონზე, რეფერენდუმად ქცეულ არჩევნების ფონზე, სადაც ქართულ ოცნებას 43%-იანი თამასა აქვს ასაღები, ხვდება რომ ეს მისთვის პრობლემურია და აქედან გამომდინარე უკვე სხვადასხვა რეგიონებში პირდაპირ მიზანმიმართულად აწინაურებს და ხელმძღვანელობაში მოჰყავს ძალოვან სტრუქტურებში ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ჩართულები იყვნენ თანხების მოკრებაში, კორუფციულ სქემებში და ზონდერული მეთოდებით კონკრეტულად დაშანტაჟებასა და ძალოვანი მეთოდების გამოყენებაში ამომრჩევლების წინააღმდეგ.” – თქვა დამენიამ.
მისივე განმარტებით, ეს ფაქტი ადასტურებს, რომ “ქართული ოცნება” კვლავ ცდილობს გაყალბების გზით შეინარჩუნოს ხელისუფლება.
დამენია აღნიშნავს, რომ ამ ქმედებას ქართველი ხალხი წინ უნდა აღუდგეს და ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ მმართველი პარტია ხელისუფლებიდან რაც შეიძლება მალე წავიდეს და საქართველო განვითარების გზას დაადგეს.
