„საქართველოს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ ამავდროულად მკაცრად აკრიტიკებს ევროკავშირს, ავრცელებს ცრუ ინფორმაციას ევროკავშირის შესახებ“, – ამის შესახებ „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე მისულმა გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს გაუცხადა.
პეტერ ფიშერის განცხადებით, გერმანია საქართველოს მეგობარი ქვეყანაა და ამს სურს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.
„მე წარმოვადგენ გერმანიას, ჩვენ ვართ საქართველოს მეგობარი და დიდი ხნის პარტნიორი. ჩვენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ვართ. საქართველოს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ ამავდროულად მკაცრად აკრიტიკებს ევროკავშირს, ავრცელებს ცრუ ინფორმაციას ევროკავშირის შესახებ, მე ვიტყოდი, რომ ეს დეზინფორმაციაა.
თუ გსურთ შეუერთდეთ ისეთ ორგანიზაციას, როგორიცაა ევროკავშირი, არ არის კარგი იდეა მასზე ასე ცუდად საუბარი“, – განაცხადა გერმანიის ელჩმა.