“საქართველოს განვითარების კორპორაციის შესახებ” კანონპროექტი გერმანიის საფინანსო ინსტიტუტმა (KFF) უკვე მოამზადა. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის განცხადებით, კანონპროექტი ამ კვირაში მთავრობას და შესაბამის ინსტანციებს დაურიგდება.
”გაიმართება განხილვები, მათ შორის, საჯაროც. შესაბამისად, მთავრობა თავისი შენიშვნებით, იმედი მაქვს პროექტს პარლამენტში შეიტანს და საკანონმდებლო ორგანო მიიღებს კანონს “საქართველოს განვითარების კორპორაციის შესახებ” – განაცხადა საგანელიძემ.
მისივე თქმით, მას შემდეგ რაც პარლამენტი კანონპროექტს დაამტკიცებს, დაახლოებით 1 – 2 თვის განმავლობაში გამოიყოფა გრანტი 6 მლნ ოდენობით, ფორმატით 1+5.
”ეს იქნება დახმარება იმისთვის, რომ თვითონ სტრუქტურის შესაბამისი რგოლები იყოს კარგად შესწავლილი, გათვლილი და დამტკიცებული, ხოლო ამის შემდეგი ეტაპია ტექნიკური დახმარება, კადრების მომზადება, სპეციალისტების გადამზადება, ტექნიკური აღჭურვილობა და ა.შ.” – აღნიშნა საგანელიძემ.
კანონპროექტი ითვალიწინებს საპარტნიორო ფონდის “საქართველოს განვითარების კორპორაციად” გარდაქმნას.
როგორც საპარტნიორო ფონდში აცხადებენ, განვითარების კორპორაციის მიზანია, საქართველოს ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა, ასევე ქვეყნის შედარებითი უპირატესობის გამოყენება, სამუშაო ადგილების შექმნა, ინოვაციებისა და ახალი ბიზნესების (სტარტაპების) მხარდაჭერა, საქართველოს რეგიონების განვითარება და დაფინანსების ადგილობრივ და საერთაშორისო წყაროებთან წვდომის ხელშეწყობა.