„რა თქმა უნდა, საქართველოში ვრჩები, აბა, რა მინდა სხვაგან?! – ღმერთმა დამიფაროს, რომ სხვა ქვეყანაში ცხოვრებაზე ვიფიქრო“, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა კითხვას, გადადგომის შემდეგ რჩება თუ არა საქართველოში.
„აბა, რა მინდა სხვაგან, რატომ უნდა წავიდე?! რა თქმა უნდა, საქართველოში ვრჩები. მე ეს ქვეყანა ყველაზე მეტად მიყვარს. არც ერთ [სხვა] ქვეყანაში ცხოვრებას არ განვიხილავ. ღმერთმა დამიფაროს, რომ სხვა ქვეყანაში ცხოვრებაზე ვიფიქრო. ეს ჩვენი ქვეყანაა მეგობრებო. ეს არის ჩვენი სამშობლო და ჩვენ ყველამ ჩვენი პოზიციიდან უნდა ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაზე და დაცვაზე. ასე არის. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ სად იქნება და რომელ თანამდებობაზე?! მე ასე ვუყურებდი“, – თქვა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ როგორც ერთ-ერთი პატრიოტი, ყოველთვის შეიტანს თავის პატარა წვლილს ქვეყნის გაძლიერებაში.
„არც ერთი თანამდებობა არ არის მარადიული… მეორედ ვტოვებ პოლიტიკას…“ – ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნებას“ ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის
ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ საქმიანობაში პარტიის დაფუძნებიდან, 2012 წლიდან იყო ჩართული ორ-ორჯერ იკავებდა როგორც პრემიერ-მინისტრის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოსტებს.
კითხვაზე, ქვეყანაში შექმნილი ვითარების ფონზე არის თუ არა ახლა სახლში წასვლის დრო, ღარიბაშვილი ფიქრობს რომ ქვეყანაში მშვიდი სიტუაციაა.
„მე ვფიქრობ, მშვიდი სიტუაციაა. კარგი ამინდია და რატომაც არა?!“, – თქვა მან.
რაც შეეხება შეკითხვას, დასანქცირების გარეშე მიდის თუ არა პოლიტიკიდან, ირაკლი ღარიბაშვილმა ასე უპასუხა:
„არ ვიცი, ჩემთვის არ არის ცნობილი. არა, [სანქცია არ მაქვს]. რატომ უნდა მქონოდა, ვერ გავიგე?! ან რატომ დაასანქცირეს სხვები?“- აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომის შესახებ ცოტა ხნის წინ განაცხადა.