LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღირებულებები – ჩვენი „ცხოვრების კომპასი“ –  FM-ქოუჩი

54
IMG-1040

როგორ აისახება ღირებულებები ჩვენს საქმეზე – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში ,,FM-ქოუჩი” ქოუჩმა ეკა ჯაიანმა ისაუბრა.

 
რა არის ღირებულებები?

ღირებულებებია ის რისიც გვჯერა, გვწამს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეულია ჩვენთვის. როდესაც ღირებულებების შესაბამისად ვცხოვრობთ, მაშინ ჩვენი ცხოვრება უფრო მეტია, ვიდრე “რა მაქვს გასაკეთებელი” ჩამონათვალი. ღირებულებების გარკვევა გვეხმარება განვსაზღვროთ თუ ვინ ვართ (ვინაიდან ჩვენი იდენტობა გამომდინარეობს ღირებულებებიდან), და რისი კეთება გვინდა ცხოვრებაში, ასევე გვეხმარება გავაკეთოთ არჩევანი კრიტიკული გადაწყვეტილებების მიღებისას. მათ (ღირებულებებს) უმეტესწილად ერთი სიტყვით გამოვთქვამთ (მაგ.: თავისუფლება, სიყვარული, ურთიერთობები, ოჯახი და ა.შ.) და ჩვენთვის ემოციური მუხტის მატარებელია.

რას ნიშნავს პერსონალური ღირებულებები?

არსებობს პერსონალური, კორპორაციული, პოლიტიკური და ა.შ. ღირებულებები. თუმცა, მე ჩემს საუბარში ყურადღებას გავამახვილებ ადამიანების პერსონალურ ღირებულებებზე. ყოველ ადამიანს აქვს მისი ინდივიდუალური ღირებულებების ნაკრები, რომელიც შეიძლება დავყოთ ორ დიდ ჯგუფად, ეს არის: შეძენილი, ანუ გარეგანი და თანდაყოლილი, რომელსაც ფუნდამენტურ ღირებულებებსაც ვუწოდებთ (ეს არის სწორედ ვინც ვართ). გარეგანი ღირებულებები უმეტესწილად საზოგადოებაში ჩვენს დამკვიდრებას ემსახურება მაგ.: სიმდიდრე, აღიარება, ძალაუფლება და ა.შ. ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებების ცოდნა გვეხმარება მივიღოთ ჩვენთვის სწორი გადაწყვეტილებები ისეთ მნიშვნელოვან შემთხვევებში როგორიცაა პროფესიის და სამუშაო ადგილის შერჩევა, განვსაზღვროთ ჩვენი ცხოვრების სტილი და შევიქმნათ ბალანსირებული, ჩვენთვის სასურველი ცხოვრება. როდესაც ვცხოვრობთ ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებების შესაბამისად ცხოვრება არის ჰარმონიული, ბედნიერების ხარისხი მაღალი. ხოლო, თუ ღირებულებები და საქმიანობა, გარემო აცდენილია, მაშინ არ გვაქვს შინაგანი კმაყოფილების განცდა. მაგალითად, თუ ჩემი ღირებულებაა თავისუფლება, დამოუკიდებლობა, შემოქმედებითობაა, ხოლო სამსახურში ხელმძღვანელი თავისი შეხედულებისამებრ მიგეგმავს დღეს და შესასრულებელ სამუშაოს, მაშინ ასეთი სამუშაო გარემო არ არის ჩემს შინაგან სამყაროსთან შესაბამისობაში. თუ ჩემი ღირებულებაა თვითგანვითარება, მაგრამ სამსახურში არსებული სიტუაცია ამის საშუალებას არ მაძლევს, რასაკვირველია ვერ ვიქნები კმაყოფილი. მრავალი მაგალითის მოყვანაა შესაძლებელი.

როგორ გავარკვიოთ რა არის ჩვენი ღირებულებები?

სხვადასხვა მიდგომა და სავარჯიშო არსებობს აღნიშნული საკითხის გასარკვევად. გაგაცნობთ რამდენიმე შეკითხვას რაც შეგიძლიათ თქვენს თავს დაუსვათ:

  1. რომელ სიტუაციებში გიგრძნიათ, რომ თქვენს ცხოვრებას აზრი ჰქონდა? რატომ? რა ღირებულებები კმაყოფილდებოდა ამ დროს?
  2. 2. საბაზისო საჭიროებების (მაგ.:სახლი, შემოსავალი, მანქანა, აღიარება და ა.შ.) გარდა რას ისურვებდით, რა შეავსებდა თქვენს ცხოვრებას?
  3. 3. წარმოიდგინეთ, რომ წარმატებული, სავსე ცხოვრება გაიარეთ და იმ გადმოსახედიდან აფასებთ თქვენს განვლილ გზას. რას ეტყოდით თქვენს თავს, რა იყო ის სამი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ რაც ისწავლეთ ცხოვრებისგან? რატომ იყო მნიშვნელოვანი? გახსოვდეთ, ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებები „კომპასია“ რომელიც გვიჩვენებს ჩვენი ცხოვრების მიმართულებას, მიზნებს და ცხოვრებისეულ საზრისს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები