გია ჟორჟოლიანმა და მირიან წიკლაურმა უმრავლესობა დატოვეს და ფრაქცია „პატრიოტებში“ გაწევრიანდებიან, – ამის შესახებ დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა პარლამენტის ბიუროს უკვე მიმართა.
დეპუტატებს საპროცედურო კომიტეტისთვის საკუთარი ფრაქციის დატოვების შესახებ განცხადებით ჯერ არ მიუმართავთ.
„საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში ჯერ არ არის შემოსული გია ჟორჟოლიანის, ასევე მირიან წიკლაურის განაცხადი ფრაქციიდან გასვლის შესახებ. განაცხადი მხოლოდ არის უმრავლესობის დატოვების შესახებ. ტექნიკური საკითხია, თუმცა შემდგომში როდესაც ისინი ითხოვენ სხვა ფრაქციაში გაწევრიანებას, პროცედურულად ეს შეუძლებელი იქნება იქამდე, ვიდრე ოფიციალურად არ შემოვა იმ ფრაქციის დატოვების შესახებ განაცხადი, სადაც ისინი იმყოფებიან,“ – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის პირველმა მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა.
პარლამენტის ბიუროს დღესვე მიმართა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებმა“ და ფრაქციაში გია ჟორჟოლიანისა და მირიან წიკლაურის გაწევრიანების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.