„ბიძინა ივანიშვილს კარგად ვიცნობ, ადამიანურად, მისი ფიზიკური უსაფრთხოება ჩემთვის სულ ერთი არ არის. მასთან ურთიერთობა მქონდა, ფიზიკურად დაცვა რომ დასჭირდეს, მეც დავიცავ, თუმცა პოლიტიკურად [დაცვა] აბსოლუტურად მიუღებელია“, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში სტუმრობის დროს განაცხადა.
როგორც გია ხუხაშვილმა აღნიშნა, „ბიძინა ივანიშვილის მდგომარეობა ახლა დრამატულია“.
„ვიცი, რა არის მისი ამოცანები და რა რისკებს ხედავს. პუტინისაც ეშინია, ამერიკისაც ეშინია, ყველასი და ყველაფრის ეშინია, მისი დღე არის შფოთები და შიშები, ღამე კი – კოშმარები.
წარმოიდგინეთ მისი ცხოვრება, ვამბობთ, „მიშა ციხეშია, მიშა ციხეშია“, ბიძინა ციხეში არ არის? გალია ოქროსი იქნება თუ არა [რა მნიშვნელობა აქვს], ოქროს გალიაც გალიაა, ბიძინაც ერთ ოთახში ცხოვრობს და ერთ საძინებელში სძინავს, ერთ მაგიდასთან ზის და ერთ საჭმელს ჭამს, ბიძინაც ციხეში ზის“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
პოლიტოლოგმა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და ბიძინა ივანიშვილის სამომავლო გეგმებზე საუბრის დროს, აღნიშნა, რომ „ბიძინა ივანიშვილი ამზადებს, გახდეს ერეკლე მეორის რეინკარნაცია“.
„ბიძინა ივანიშვილი საკუთარ გეგმებში ფიქრობს, რომ აქვს ორი პერსპექტივა – ან ერეკლე მეორე უნდა გახდეს, ან სერგო ორჯონიკიძე, მეტი პერსპექტივა არ აქვს. ცდილობს, რომ ერეკლე მეორის მოდელი გაითამაშოს – ქვეყანაში შექმნას ის სიტუაცია, რომელიც 1783 წლის წინა პერიოდში იყო.
ფაქტობრივად, ბიძინა ამზადებს, რომ გახდეს ერეკლე მეორის რეინკარნაცია, რომელიც გამოუვალ მდგომარეობაში იყო და – „აბა სხვა რა უნდა ექნა, ისევ ტრაქტატზე უნდა მოეწერა ხელი“ – ანუ ამზადებს „ტრაქტატი 2“-ს, ამზადებს სიტუაციას, როდესაც რუსეთთან მიმართებით უალტერნატივობის განცდა გაჩნდება“, – თქვა გია ხუხაშვილმა.
ივანიშვილის დღე არის შფოთები და შიშები, ღამე – კოშმარები — გია ხუხაშვილი, პოლიტიკის ანალიტიკოსი„ბიძინა ივანიშვილის დღე არის შფოთები და შიშები, ღამე — კოშმარები“ — გია ხუხაშვილი, პოლიტიკის ანალიტიკოსი
Posted by Formula • ფორმულა on სამშაბათი, 30 ივლისი, 2024