LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია სურამელაშვილის პედიკური გია ჯაჯანიძემ ეთერში აჩვენა – სირცხვილი თუ რეიტინგული შოუ?

766

რაც მართალია, მართალია, ერთი ცნობილი გამოცემის გარდა, სადაც მისი ასევე ცნობილი რედაქტორი გვიყვებოდა, სად აკეთებდნენ ყველაზე კარგ პედიკურს თბილისში, ფეხებზე ფრჩხილის დაჭრა და ლაკის წასმა არასდროს ყოფილა ასეთი აქტუალური მედიაში, განსაკუთრებით, ტელემედიაში, მაგრამ რა არის ისეთი რამ, რასაც ქართულ ტელეეთერში ვერ ნახავთ?

„სხვა რაკურსის“ გუშინდელი ეთერი გია სურამელაშვილთან ინტერვიუთი დაიწყო. გია ჯაჯანიძემ განაცხადა, რომ ახალ სეზონებს მუდმივად გიასთან ერთად დაიწყებს, რადგან ის მისი რეიტინგის განმაპირობებელია. შესაძლოა ითქვას, რომ ასეც არის და ეს „სხვა რაკურსის“ ამ გამოშვებამაც დაადასტურა, მასზე მეორე დღეა, საუბარი არ წყდება. მიზანი ასრულდა, მას კი ნებისმიერი საშუალება ამართლებს.

„საშუალებად“ამ შემთხვევაში გადაცემის საპროდიუსერო ჯგუფმა შემდეგი რამ გამოიყენა –  მომღერალს შინ ეწვია და მისი ყოველდღიურობის ჩვენება გადაწყვიტა, ანუ იმის, როგორ ემზადება გია სურამელაშვილი მაყურებელთან შესახვედრად და რა პროცედურებს იტარებს.

მანიკურის სპეციალისტმა, რომელიც მომღერალს სახლში სტუმრობს, გაგვიმხილა, რომ გია სურამელაშვილს სულაც არ აქვს ცუდი ხასიათი და ძალიან კარგად ექცევა. მას შემდეგ, რაც წამყვანმა და მომღერალმა მის სასიყვარულო ამბებზე ტკბილად ისაუბრეს, მანიკურის სპეციალისტმა გია სურამელაშვილის ფეხები და ქლიბი „მოიმარჯვა“ და გია ჯაჯანიძისა და მთელი საქართველოს თანდასწრებით, მას პედიკურის გაკეთება დაუწყო.

გიამ კი განგვიმარტა, რომ ეს ჩვეულებრივი ჰიგიენაა. ძნელია, მას ამაში შეეკამათო, მაგრამ რამდენად ჰიგიენურია საკუთარი პედიკურის ეთერში ჩვენება, ამაზე კამათი ნამდვილად შეიძლება.

პირველი, ვინც სოციალურ ქსელში გადაცემის ამ ნაწილს გამოეხმაურა, ნინი ბადურაშვილია. მან დაწერა, რომ ეს სირცხვილი, მარაზმი და მაყურებლის შეურაცხყოფაა.

მსგავსი გადაცემების ავტორები კრიტიკას ყოველთვის ასე პასუხობენ, თუ არ მოგწონთ, გადართეთო. ესეც არ არის აზრს მოკლებული, თუმცა ამ მიმართულებით თუ წავა ქართული ტელემედია, არ არის გამორიცხული, რომელიმე ცნობილი სახე ბოლოს ეთერში გინეკოლოგის სავარძელზეც გაგვიწვეს…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g