„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, რომელსაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი გელაშვილმა მიიღო.
დღევანდელ სხდომაზე პროკურორმა ბაჩიაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 2 500 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლა მოითხოვა.
გიორგი ბაჩიაშვილს ახალი ბრალი წარედგინა
„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა
როგორც საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ აღნიშნა, გიორგი ბაჩიაშვილმა 2 მარტს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სავარაუდოდ უკანონო გზით დატოვა.
მისივე თქმით, ბაჩიაშვილს ჩამორთმეული ჰქონდა პასპორტი, პირადობა, ასევე აკრძალული ჰქონდა საზღვრის კვეთა შესაბამისი ორგანოს ინფორმირების გარეშე.
სადრაძის თქმით, ბრალდებულმა არ შეასრულა გირაოს პირობები და დაარღვია კანონი, რაც მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველია.
რაც შეეხება ბაჩიაშვილის უძრავ-მოძრავ ქონებას, რომელიც დაყადაღებულია, პროკურორის თქმით, გირაოს პირობების დარღვევისა და მისი ამოღების მიზნით, აღსასრულებლად უნდა მიეცეს შესაბამის ორგანოს.
აღკვეთის შეცვლის შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. როგორც ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა განმარტა, ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე პატიმრობა უკვე შეფარდებული აქვს, შესაბამისად, მის მიმართ კიდევ ერთი პატიმრობის გამოყენების საფუძველი აღარ არსებობს.
მოსამართლე გიორგი გელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მისი გადაწყვეტილებით, ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეეცვალა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ვინაიდან ბრალდებულს გირაო უძრავი ქონებით ჰქონდა უზრუნველყოფილი, ბაჩიაშვილისთვის შეფარდებული 2 500 000-ლარიანი გირაოს თანხის ამოსაღებად ბრალდებულისა და ალექსანდრე ბაჩიაშვილის საკუთრებაში არსებული ქონება, აღსასრულებლად მიექცა წარმოებაში.
სპეციალური სამალავი ავტომობილში და რუსეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტი – როგორ დატოვა ბაჩიაშვილმა ქვეყანა: შსს-ს განცხადება
„ინფორმაციას შედეგების შესახებ სამინისტრო საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის. გ.ბ.-ს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალი წარედგინა“
ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.
გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, ასევე დაწესებული ჰქონდა დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები.
აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ასევე, გიორგი ბაჩიაშვილს აღნიშნული საქმის გარდა ბრალი კიდევ ორ საქმეზე – “მტკვარი ჰესის” და საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე აქვს წაყენებული.
“მტკვარი ჰესის” საქმეზე მას ბრალი საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბაჩიაშვილს ბრალი ასევე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზეც აქვს წაყენებული. მას ამ საქმეზეც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.