LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ჭოლაძე 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე: „სროლა რომ დაიწყო სოზარ სუბარი შეშლილი სახით შემოვარდა და გახარიას უთხრა, ეს რა უბედურებააო – გახარიას არ ეტყობოდა, რომ განსაკუთრებულად დარდობდა, თუ რა ხდებოდა გარეთ“

107
გიორგი ჭოლაძე

მძიმე საუბარი შედგა მამუკა ბახტაძესა და შს მინისტრს შორის. რბილად ვიტყვი, ბახტაძე საყვედურობდა გახარიას, რატომ გააკეთა ეს, რა ხდებოდა – უბრალოდ თეორიულ ეჭვს დავუშვებდი იმაში, რომ ეს იყო სპეციალურად გაკეთებული. იმ დროს, როდესაც მან პრემიერ-მინისტრს ათქმევინა, რომ ჩვენ არ ვაპირებთ არანაირი სპეცსაშუალების გამოყენებას, იმ წუთიდან სროლა იყო დაწყებული, – ამის შესახებ ყოფილი პრემიერ – მინისტრის, მამუკა ბახტაძის აპარატის ყოფილმა უფროსმა გიორგი ჭოლაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა როდესაც ისაუბრა 2019 წლის 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე.

ჭოლაძის თქმით, 20 ივნისის ღამეს, ხელისუფლების წევრები, მათ შორის იმ დროინდელი შს მინისტრი გიორგი გახარია და დეპუტატები: დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, მამუკა მდინარაძე და მიხეილ ყაველაშვილი შეკრებილები იყვნენ პარლამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის, ზვიად ძიძიგურის ოთახში. ჭოლაძის თქმით, ამავე ოთახში იმყოფებოდა გერმანიის მაშინდელი ელჩი საქართველოში, ჰუბერტ ქნირში, რასთან დაკავშირებითაც გახარიას ჰკითხა, თუ რატომ იყო ელჩი პარლამენტში. როგორც ჭოლაძემ განმარტა, ამ კითხვაზე გახარიამ „ცინიკურად უპასუხა“.

„მან როგორც სჩვევია, ცინიკურად მიპასუხა, „რუსთაველზე სეირნობდა და ამოიყვანეს ჩემებმაო“. იქ არ იყო ამის დრო, თუმცა, რას ჰქვია სეირნობდა და ამოიყვანეს“, – განაცხადა ჭოლაძემ. როგორც მან აღნიშნა, გახარიას ელჩი „ჰყავდა ფარად, რამე რომ მომხდარიყო“.

ამასთან, როგორც ჭოლაძემ აღნიშნა, როდესაც აქციაზე სროლის ხმა გაისმა, სოზარ სუბარმა გახარიას დაუსვა შეკითხვა, თავად გახარიას კი „განსაკუთრებული დარდი არ ეტყობოდა, თუ რა ხდებოდა გარეთ“.

„[სოზარ სუბარი] ცოტა ისეთი, შეშლილი სახით შემოვარდა და ჰკითხა, რა არის ეს, რა უბედურება არისო.[გახარიას კი] თითქოს ისეთი ხალისიანი განწყობა ჰქონდა, თითქოს არაფერი ხდებოდა გარეთ. ხალისიანი – შეიძლება ცოტა გადაჭარბებულად ვთქვა, მაგრამ არ ეტყობოდა, რომ განსაკუთრებულად რაღაცაზე დარდობდა, თუ რა ხდებოდა გარეთ. უბრალოდ, ძალიან გასაკვირი იყო ეს“, – განაცხადა ჭოლაძემ.

ამასთან, მისივე განმარტებით, ვიდრე პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე განცხადებას გააკეთებდა 20 ივნისის ღამეს, რომ არავითარი სპეციალური საშუალებები არ იქნებოდა გამოყენებული, ამის თაობაზე წინასწარ შეთანხმდნენ თავად გახარია და ბახტაძე.

„პრემიერ-მინისტრის დაჟინებული მოთხოვნა იყო, რომ არანაირი სპეციალური საშუალებები არ უნდა გამოყენებულიყო, რადგანაც იქ არ იყო ის რაოდენობის ხალხი, რომელსაც სხვა მეთოდებით ვერ გაუმკლავდებოდი. ჩვენ შევთანხმდით ასეთ მესიჯზე – საზოგადოებისთვის უნდა მიემართა პრემიერ-მინისტრს დამაწყნარებელი მესიჯით და შემდეგ უკვე უნდა ეთქვა, რომ ჩვენ არ ვაპირებთ არანაირი სპეციალური საშუალებების გამოყენებას. ამაზე შევთანხმდით. მესიჯის ფორმირება მოხდა გახარიას მიერ, რომელიც უთხრა პრემიერ – მინისტრს – „მამუკა, ჩვენ არ ვაპირებთ არანაირი სპეციალური საშუალების გამოყენებას“. ვიდექით ერთად გახარია, მე, ბატონი პრემიერი, მისი [გახარიას]პრესცენტრის წარმომადგენელი და გარშემო დეპუტატები, მაგრამ ვინმე ამას ისმენდა, არ ისმენდა, ამის თქმა [არ შემიძლია]“-განაცხადა ჭოლაძემ.

ჭოლაძის განმარტებით, 20 ივნისის ღამეს, პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძის მხრიდან განცხადების გაკეთების შემდგომ, სროლა დაიწყო. მისი თქმით, გახარიასა და ბახტაძეს შორის მძიმე საუბარი შედგა.

„[გახარიას] პასუხი ჰქონდა ის, რომ მე არაფერ შუაში ვარ, სიტუაცია დაიძაბა ისე,რომ ადგილზე მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება. მძიმე საუბარი შედგა მამუკა ბახტაძესა და შს მინისტრს შორის, და არა მარტო მათ შორის. რბილად ვიტყვი, ის[ბახტაძე] საყვედურობდა მას [გახარიას], რატომ გააკეთა ეს, რა ხდებოდა. კითხვა მხოლოდ იმაში არ იყო, რატომ მოხდა ამ სპეციალური საშუალებების გამოყენება. 23:49 საათზე მთავრდება პრემიერ-მინისტრის განცხადება და რამდენიმე წუთში სროლა დაწყებულია. როგორც არ უნდა მჯეროდეს, ჩემი საკუთარი ძმა რომ ყოფილიყო შს მინისტრი, ჩემ ძმაში ეჭვს არ შევიტანდი, უბრალოდ თეორიულ ეჭვს დავუშვებდი იმაში, რომ ეს იყო სპეციალურად გაკეთებული. იმ დროს, როდესაც მან პრემიერ-მინისტრს ათქმევინა ეს, იმ წუთიდან, სანამ იმ ოთახამდე მივედით, სროლა იყო დაწყებული,“ – განაცხადა ჭოლაძემ.

ჭოლაძის თქმით, გახარია „ამ თემას აგდებულად უყურებდა და არასერიოზულად აღიქვამდა მთლიანად იმ პროცესს მთლიანად იქ, რაც ხდებოდა“. წულუკიანმა ჭოლაძეს ჰკითხა, თუ რას გულისხმობდა სიტყვა აგდებულში, რაზეც მან უპასუხა „ზერელე დამოკიდებულებას საქმის მიმართ“.

ჭილაძის თქმით, გახარიამ „ყველგან ჩააფლავა“.

„ქრონოლოგიურად რომ მოვყვეთ მის სპეცოპერაციებს, „მოდი, დავიწყოთ ბოდიში-დან“ დამთავრებული პანკისის ოპერაციებამდე, ყველგან ჩააფლავა სადაც მივიდა. მე მისი არც მეგობარი ვყოფილვარ, არც მისი მტერი ვყოფილვარ. ჩვენ ერთ გუნდში ვმსახურობდით. მიუხედავად იმისა, რომ იმ წლებში არ ვიყავი მის მიმართ კეთილგანწყობილი, ეს მე მის მიმართა არასდროს გამომიმჟღავნებია“, – განაცხადა ჭოლაძემ.

magti 5g