LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი დანელიამ საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობა დატოვა – სად გააგრძელებს ის მუშაობას

161
გიორგი დანელია

გიორგი დანელიამ საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობას გიორგი ჭიჭინაძე შეასრულებს, რომელიც 2018 წლის 1-ელი ნოემბრიდან საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილეა.

გიორგი დანელიას თქმით, კერძო სექტორში, კონკრეტულად კი საბანკო სფეროში გააგრძელებს მუშაობას.

„ძვირფასო მეგობრებო, საპენსიო რეფორმა ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფეხურია, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს როგორც ეკონომიკის მდგრად განვითარებაში, ასევე საფუძველი უნდა დაუდოს მოქალაქეთა სოციალურ უსაფრთხოებას. ვამაყობ, რომ ბოლო 2.5 წლის განმავლობაში ვმუშაობდი საპენსიო სააგენტოს გუნდთან ერთად, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა ამ დიდი სამუშაოს განხორციელება. ცხადია, რომ, ისევე როგორც ყველა მნიშვნელოვან საქმეს, საპენსიო რეფორმასაც, უამრავი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კონტექსტიდან გამომდინარე, სირთულე და გამოწვევა ახლდა თან. მაგრამ ჩვენმა გუნდმა ამ პერიოდში არა მხოლოდ დასძლია ყველა ეს სირთულე, არამედ ასევე განახორციელა არაერთი საიმედო ინვესტიცია და სქემის მონაწილეებს მოუტანა 500 მილიონ ლარზე მეტი მოგება. პარალელურად, ჩვენი მოქალაქეებისთვის უფრო ეფექტური, სანდო და ხარისხიანი მომსახურებისთვის ჩვენ დავიწყეთ სააგენტოს სერვისების სრული დიჯიტალიზაცია, დავხვეწეთ საოპერაციო მიმართულება, გავაფართოვეთ სერვისის მიწოდების გეოგრაფიული არეალი. ამის შედეგად მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ მთელი ქვეყნის მასშტაბით იუსტიციის სახლებში მიიღონ სააგენტოს ნებისმიერი მომსახურება. ჩვენ ასევე დავნერგეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტები, რის შედეგადაც უკვე ამ წლის მაისში სააგენტომ წარმატებით გაიარა ISO27001 სერტიფიცირების პროცესიც. სააგენტო არის მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე. მის მიერ განხორციელებული ყველა აქტივობა ასახულია საინვესტიციო თუ საოპერაციო დოკუმენტებში, რომლებიც პროაქტიულად ქვეყნდება სააგენტოს ვებგვერდზე და სხვადასხვა სოციალურ პლატფორმებზე. მიმაჩნია, რომ საპენსიო ფონდში ჩემი მისია დასრულებულია. უწყება უკვე ჩამოყალიბდა ძლიერ სახელმწიფო ინსტიტუტად, რომელიც ღირსეულ როლს ითამაშებს ქვეყნის შემდგომ განვითარებაში და რომელსაც (დარწმუნებული ვარ) კარგად გაუძღვებიან ჩემი შემცვლელები. ამ ეტაპზე მე ვინაცვლებ კერძო სექტორში, კონკრეტულად კი, საბანკო სფეროში და იქიდან ვეცდები, ჩემი წვლილი შევიტანო ეკონომიკის შემდგომ განვითარებაში. მინდა, მადლობა გადავუხადო რეფორმის განვითარებაში ჩართულ ყველა ადამიანს, მადლობა მედიას თანამშრომლობისთვის. მადლობა ჩვენს პარტნიორებს, ეროვნულ ბანკს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, მსოფლიო ბანკს, საერთაშორისო სავალუტო ფონდს, აზიის განვითარების ბანკს და სხვებს. ასევე, მადლობა USAID-ს, რომელთან ერთადაც შევქმენით სააგენტოს განვითარების 3-5-წლიანი სტრატეგია. მადლობა სააგენტოს სამეთვალყურეო და საინვესტიციო საბჭოებს ნდობისთვის, მუდმივი მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის. ბოლოს, კიდევ ერთხელ, განსაკუთრებული მადლობა სააგენტოს მთელ გუნდს. თქვენი საქმისადმი დამოკიდებულება, პროფესიონალიზმი და თავდადება არის რეფორმის წარმატების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი. დარწმუნებული ვარ, თქვენი შრომის შედეგებს კიდევ ბევრი წლის განმავლობაში დავინახავთ სქემის მონაწილეები. წარმატებები“, – წერს სოციალურ ქსელში დანელია.

გიორგი დანელია საპენსიო სააგენტოს 2020 წლის 15 დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა. როგორც ცნობილია, ახალი დირექტორი კონკურსის გზით შეირჩევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g