LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ძოწენიძე ახლად დაბადებული ვაჟისთვის ღამეებს ათენებს: „ყველა განცდა გაორმაგებულია… გამოცდილებაც უფრო მეტია. ახლა უფრო მეტ სიამოვნებას ვიღებ ბავშვთან ურთიერთობით, ვიდრე მაშინ, როცა ანიტა იყო ამ ასაკში…“

1364
გიორგი ძოწენიძე

ახლახან „ურსას“ სოლისტი გიორგი ძოწენიძე და მისი მეუღლე მია მაჩაბელი მეორე შვილის მშობლები გახდნენ. ოჯახი ცალკე ცხოვრობს – გიორგი, მია, სამი წლის ანიტა და ახლად დაბადებული ანდრია და ბავშვების აღზრდაში ორივე მშობელი აქტიურად მონაწილეობს.

გიორგი fortuna.ge-ს ამ შესანიშნავი სიახლის შესახებ საკუთარ ემოციებს უზიარებს…

გიორგი, გილოცავთ შენ და მიას მოგვიანებით, მეორე შვილის შეძენას. ვიცი, რომ მეორედ მამობას უფრო მომზადებული შეხვდი, მაგრამ 20 წუთით დააგვიანე და მშობიარობაზე დასწრება ვეღარ მოახერხე…

დიდი მადლობა, ყველა განცდა გაორმაგებულია… გამოცდილებაც უფრო მეტია. ახლა უფრო მეტ სიამოვნებას ვიღებ ბავშვთან ურთიერთობით, ვიდრე მაშინ, როცა ანიტა იყო ამ ასაკში. ჩვენს ვაჟს ანდრია დავარქვით.

სახელების შერჩევაში უფრო შენი აზრი ლიდერობს და იმარჯვებს, თუ მიასი?

როცა ოჯახი შევქმენით, ანდრიას დარქმევა გვინდოდა ბიჭისთვის, თუ გვეყოლებოდა. ანდრია ჩემი დიდი ბაბუის სახელია, ძალიან მაგარი ადამიანი იყო. კარგი იქნება, თუ მას დაემსგავსება, დიდხანს სიცოცხლესა და ჯანმრთელობაში განსაკუთრებით. 96 წლის გარდაიცვალა. ანიტას შემთხვევაში მიამ მოიფიქრა სახელი, ბოლო ერთ კვირაში. თავიდან ამ სახელს ვერ ვეგუებოდით, რადგან ასე სწრაფად მოვიფიქრეთ, მერე მივეჩვიეთ. ყველაზე მეტად უხდება ეს სახლი ანიტას, ანდრიას თავიდანვე ვიცოდით, რა უნდა რქმეოდა.

გოგოსა და ბიჭის მშობლობას შორის რა განსხვავებაა?

სიმართლე გითხრათ, არანაირი განსხვავება არ არის. ანიტასთან შედარებით, ანდრია ცოტა უხეშია, მიუხედავად იმისა, რომ ორი თვისაა. ანიტა ბევრად ნაზი იყო… ანდრია კაცურია (იღიმის). ჩემი დამოკიდებულებაც ასეთივეა. ნაზად ვეპყრობი, რა თქმა უნდა, მაგრამ არა ისე ნაზად, როგორც ანიტას…

რატომღაც მგონია, რომ მრავალშვილიანი ოჯახი გინდა გქონდეს…

ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომლის აღებაც ზოგადად არასდროს მაშინებდა. არ ვიცი, რა როგორ იქნება, ახლა ერთი 3-4- წელიწადი არაფერს ვაპირებთ, მერე ვნახოთ (იცინის).

მიას როგორ ეხმარები?

ანდრიას შემთხვევაში ახლა დავიწყე დახმარება, რადგან კონცერტების სერია, რომელიც ზაფხულში დაიწყო, მცირე ხნის წინ დასრულდა. ანიტას შემთხვევაში ვეხმარებოდი თავიდანვე. ახლა მიას უწევდა ღამეების თენება, ორი თვე მას უწევდა, მაგრამ ახლა მე დავიწყე ღამეების თენება, მიჩვეული ვარ და მაქვს გამოცდილება.

თანამედროვე მამები ბავშვების აღზრდაში უფრო მეტად არიან ჩართულები, ვიდრე ჩვენი მამების თაობაში იყვნენ…

ალბათ, ასეა… მე და მია ცალკე ვცხოვრობთ შვილებთან ერთად. როცა ხედავ, რომ ერთი ბავშვი ყირაზე გადადის და მეორეს პამპერსი აქვს გამოსაცვლელი, გამორიცხულია, მეუღლეს რომ არ მიეხმარო. ვცდილობ, ფიზიკური რესურსიც და გონებრივიც ბავშვების გაზრდას მოვახმარო.

იავნანას თქვენს ოჯახში ვინ მღერის? – დედა თუ მამა?

ანიტას მია უმღეროდა (იღიმის), ახლა გაიზარდა და მიხვდა, ვინ მღერის ოჯახში, მანამდე ვერ არჩევდა და დედამისის სიმღერა უფრო უყვარდა. ანდრიას ჯერ მხოლოდ ერთი-ორჯერ ვუმღერე…

როგორები გინდა გაიზარდონ შენი შვილები?

პირველ რიგში, ღმერთის წყალობით, ჯანმრთელები მინდა იყვნენ. ძალიან მინდა და მნიშვნელოვანია, რომ ქართულ ტრადიციებზე გაიზარდონ. მეც და მიაც ასე ვართ გაზრდილები, გვაქვს ქართული შეხედულებები სხვადასხვა საკითხზე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თანამედროვეობას რაიმეთი ჩამოვრჩებით. გვინდა, რომ მნიშვნელოვანი ქართული ღირებულებები ჰქონდეთ ჩვენს შვილებს, ამავე დროს, იყვნენ თანამედროვე ადამიანები. არჩევანის საშუალებას თავად მივცემთ, ჩვენ კი გვერდში დავუდგებით და მხარს დავუჭერთ მათ ნებისმიერ გადაწყვეტილებას.

გინდა, რომ რომელიმე მომღერალი იყოს?

სუბიექტური ვარ ჩემი პროფესიის მიმართ, ვფიქრობ, ძალიან სასიამოვნო პროცესს უკავშირდება. ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ იმით, რასაც ვაკეთებ. თუ მით უმეტეს, წარმატებას მიაღწევ და ხალხის სიყვარულს დაიმსახურებ, ირთვება არაამქვეყნიური შეგრძნებები, რასაც ყოველი კონცერტის დროს ვიღებ ხოლმე. ნებისმიერ ადამიანს ენდომება მსგავსი სიყვარული მისმა შვილებმაც განიცადონ, ასე რომ, კი ბატონო, თუკი რომელიმე მომღერალი გახდება, აუცილებლად მხარს დავუჭერ და დავეხმარები.

ჩვენ გვისაუბრია, როგორი რთული პერიოდები გაუვლია „ურსას“ ამ წარმატებამდე…

თუმცა ყველა პროფესიას სჭირდება სირთულეების გადალახვა, რომ მწვერვალებამდე მიხვიდე…

შენი და მიას ურთიერთობაში, ორი შვილის ფონზე, არის თუ რა შემორჩენილი რომანტიკული შეხვედრების დრო და როგორ ახერხებ მის გახარებას? ხელოვანი ხარ და ალბათ, გაქვს სიურპრიზების გაკეთების სურვილიც…

(იღიმის) თუკი ჩვენი მშობლები ჩვენს შვილებს იტოვებენ, აუცილებლად ერთად მივდივართ სადმე, ძველებურად, ვიხსენებთ შეყვარებულობის პერიოდს. ანდრია ბუნებრივ კვებაზეა და დიდი ხნით ვერ ვტოვებთ. ხშირად გვინდა ხოლმე, იშვიათად გამოგვდის, მაგრამ ერთად ვატარებთ ხოლმე დროს რომანტიკულ გარემოში.

რაც შეეხება „ურსას“ სიახლეებს, გაგვიზიარე, რას მოვისმენთ თქვენგან ახალს?

ნოემბერი არის სამუშაო თვე, რადგან არ გვაქვს ბევრი კონცერტი. მინიმუმ სამი ახალი სიმღერა ჩაიწერება ნოემბერში. დეკემბრის დასაწყისში, თუ მშვიდობა და სიმშვიდე იქნება, ფილარმონიაში სოლოკონცერტის გაკეთება გვინდა. ეს იქნება მხოლოდ ჩვენი ანსამბლის კონცერტი… არის ბევრი პროექტი, იყო უამრავი ტელეგადაღება, რომლებიც ეტაპობრივად გამოჩნდება – მოკლედ, მაყურებელს თავს არ მოვანატრებთ…

ხშირად „ფორტუნა“ ავრცელებს ხოლმე თქვენი კონცერტებიდან ამონარიდებს, სადაც ჩანს განსაკუთრებული ურთიერთობა მათთან. როგორია ეს ემოციები?

პირველ რიგში, დიდი მადლობა „ფორტუნას“ ამ ყურადღებისთვის. აი, ეს ემოციაა ზუსტად ის, რაზეც უკვე ვისაუბრე. ეს არის შეგრძნება, კიდევ ერთი გრძნობა – სიყვარულთან, მონატრებასთან და სხვა გრძნობებთან ერთად. მას სახელი არ აქვს, არანორმალური ემოციაა – ძალიან მასობრივად ვიღებთ დადებით ენერგიას ადამიანებისგან. ეს არის უდიდესი გამართლება ცხოვრებაში, რომ გვიწევს ისეთ ადამიანებთან ერთად ყოფნა, რომლებიც ასეთ სიყვარულსა და სითბოს გვჩუქნიან.

ინტერვიუ: ნინო მურღულია

mazda magti 5g