„სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაუციათ“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
აღნიშნულით მან პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 20 ივნისის მოვლენებზე კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის კითხვას უპასუხა.
გახარიას თქმით, მან მხოლოდ ცრემლსადენის გაზის და წყლის ჭავლის გამოყენების ბრძანება გასცა.
„ბრძანება სპეციალური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით, შესაბამისი გეგმის და პოლიციის შესახებ კანონის შესაბამისად, იმ შემთხვევებში, როდესაც ეს ეხებოდა ცრემლსადენ გაზს, გავეცი მე, იმ შემთხვევაში, როდესაც ეხებოდა წყლის ჭავლს – გავეცი მე. სხვა შემთხვევებში, სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაუციათ. ზუსტად იგივე პასუხი არის დაკითხვის ოქმში,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.
გიორგი გახარია 20 ივნისზე: „ფართო კონტექსტის გასააზრებლად ჩემთან ერთად ამ კომისიამ უნდა გამოკითხოს ივანიშვილი“
„მე არ ვიცი, თქვენ ამას გააკეთებთ, თუ არა, მაგრამ თქვენ თუ ამას არ გააკეთებთ, მაშინ ეს კომისია იქნება ნახევარი სიმართლის კომისია. შესაბამისად, ტყუილი სიმართლე“
კითხვაზე: ვინ გასცა სპეციალური საშუალებების [რეზინის ტყვიების] გამოყენების ბრძანება, გახარიამ აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია, ვინ გასცა სხვა სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება.
„მე რომ მცოდნოდა, [ჩემთვის] ცნობილი რომ ყოფილიყო, რომ ასეთ ბრძანება არსებობდა, ან ვინმემ გასცა, რა თქმა უნდა, მე ამას დაკითხვის დროს, გამოძიებას შევატყობინებდი.“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.