LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ადამიანი დღეში 3-4 ჭიქა ყავას სვამს… – გიორგი ღოღობერიძე ყავის დოზებზე და სარგებელზე

1265
გიორგი-ღოღობერიძე-ყავა

„დღეს ბევრი ადამიანისათვის აქტუალურ თემაზე ვისაუბრებთ, რადგან უამრავ ჩვენგანს ყავის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. მაინც რა არის ყავის დღიური ნორმა და რამდენი ჭიქის მიღება შეგვიძლია ისე, რომ ჩვენს ორგანიზმს ზიანი არ მივაყენოთ? რა სარგებლობა მოაქვს ყავას და რა უნდა ვიცოდეთ მასზე?

ადამიანის თავის ტვინში, ნეირონებს შორის გროვდება ნივთიერება, სახელწოდებით ადენოზინი, რომელიც იწვევს ძილიანობის შეგრძნებას. ყავა, რომელიც შეიცავს კოფეინს, ადენოზინს ხელს უშლის მოქმედებაში და შესაბამისად, ადამიანს გამოფხიზლებაში ეხმარება.

დღე-ღამეში ადამიანს შეუძლია მიიღოს მაქსიმუმ 400 მილიგრამი ყავა. თუ მიირთმევთ ნალექიან ყავას, მისი ერთი ჭიქა 100 მგ კოფეინს შეიცავს, ესპრესოში ეს მაჩვენებელი 50-90 მგ-ია იმის მიხედვით, თუ სად იყიდით. კოფეინის შემცველობა მაღალია ასევე ენერგეტიკულ სასმელში – 80მგ, სხვადასხვა სახის კოლებში – 40 მგ, შედარებით ნაკლებია მწვანე ჩაიში – 40 მგ და ძალიან ცოტა ცხელ შოკოლადში – 5 მგ. თუ დღე-ღამეში 3-4 ჭიქა ყავას სვამთ, ეს აბსოლუტური ნორმაა და სასარგებლოც კია. კოფეინს ორგანიზმისთვის ნამდვილად შეუძლია სარგებლის მოტანა. ბოლო კვლევების თანახმად, ადამიანს, რომელიც დღეში ყავის დღიურ ნორმას მოიხმარს, უმცირდება სხვადასხვა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის რისკი 16%-ით და გულის დაავადებების განვითარების რისკი 21% -ით. ეს რომ რამდენიმე წლის წინ გეთქვათ, გარშემომყოფებს ნამდვილად ეგონებოდათ რომ ხუმრობთ, ან შეიშალეთ. „როგორ შეიძლება ყავა გულის დაავადების მქონე ადამიანისთვის?“- გეტყოდნენ ისინი.

არადა ყავა ზოგჯერ საჭიროც კი შეიძლება იყოს ადამიანისთვის, მაგალითად მაშინ, თუ მას გულის უკმარისობა აქვს, რადგან გულის უკმარისობისას ორგანიზმში სითხე გუბდება, ყავას კი შარდმდენი ეფექტი აქვს. თუ ადამიანი დღეში 3-4 ჭიქა ყავას სვამს, მას მიოკარდიუმის ინფარქტის და ინსულტის რისკი მნიშვნელოვნად უმცირდება, თუმცა თუ 5 ჭიქაზე მეტს სვამს, რისკები იზრდება. დოზა აქ გადამწყვეტ როლს თამაშობს. ყავაზე დამოკიდებულებას კოფეიზმი ეწოდება. თუ ადამიანი ჭარბი ოდენობით იღებს ყავას, შეიძლება მოხდეს კოფეინით მოწამვლაც. ამას შეუძლია თავის ტკივილის, უძილობის, გულის აჩქარების გამოწვევა, რამაც საბოლოოდ შეიძლება არითმია ჩამოაყალიბოს.

ყავის მიღება მაინცდამაინც რეკომენდებული არ არის 50 წლის ასაკიდან ქალბატონებისათვის, რადგან ამ ასაკიდან მენოპაუზის ფონზე ქალის ორგანიზმში იკლებს ესტროგენები და ძვალი შედარებით მყიფე ხდება, იმატებს მოტეხილობების რისკი. ასეთ დროს თუ მაინც იღებენ ყავას, სასურველია დოზა მაინც შეამცირონ.

ყავის მიღება ცუდად მოქმედებს გასტროეზოფაგურ რეფლუქსზე და ამ პრობლემის მქონე ადამიანებმა ის სიფრთხილით უნდა მიიღონ.

რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ყავა წნევას არ ზრდის. ადრე რომ ეს გეთქვათ, ხალხი გკითხავდათ, ნორმალური თუ ხარო. არადა ეს დადასტურებულია მეტაანალიზური კვლევებით. იმ შემთხვევაში, თუ ყავის ნორმალურ დოზას იღებთ, ის წნევას არ აგიწევთ, პირიქით, შარდმდენი ეფექტის გამო შესაძლოა მისი დაწევაც გამოიწვიოს.

თუმცა, თუ შარდმდენებს იღებთ, ნუ მიიღებთ ყავას. რადგან მას ორგანიზმიდან კალიუმი გამოაქვს და შესაბამისად, შარდმდენის ფონზე ყავის მიღებით ორგანიზმში კალიუმის რაოდენობა საგრძნობლად ქვეითდება. ამან შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტე, არითმიებისკენ მიდრეკილება ან სუნთქვის უკმარისობა.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეში 3-4 ჭიქა ყავა ჯანმრთელი ადამიანისთვის ნორმაა, ასაკოვანი და მოტეხილობებისკენ მიდრეკილი ადამიანები კი ყავას უფრო მცირე დოზებში უნდა იღებდნენ.“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g