LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

​გიორგი კაკაურიძე – 2024 წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 6%-მდე გაიზრდება

139
გიორგი კაკაურიძე

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ და „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ ინფორმაცია მოისმინა.

მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2023 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 7.5% შეადგინა, ასევე, 80 მლნ 246 ათასი ლარით განისაზღვრა მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ნომინალურ გამოსახულებაში, რაც 10.1%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე 8210 აშშ დოლარს შეადგენს.

მისი თქმით, 2023 წლის ბოლოს წლიური ინფლაციის დონემ 0.4% შეადგინა, თუმცა საშუალო ინფლაცია 2.5%-ია, რაც მიზნობრივ ინფლაციაზე დაბალი იყო.

​დოკუმენტის თანახმად, 2023 წლის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლებმა 22 124 175 ლარი შეადგინა, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 102.2%-ია. გადასახადების მაჩვენებელმა კი – 19 732 619 ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 101.7%.

​გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს ასევე გააცნო ინფორმაცია „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“.

„2024 წლის ბიუჯეტი დავგეგმეთ 5.2%-იანი ეკონომიკური ზრდის გაანგარიშებით, თუმცა უკვე 4 თვეში გაცილებით მაღალი გვაქვს ეკონომიკური ზრდის ტემპები, მათ შორის, აპრილში დაფიქსირდა 11.8%, შესაბამისად, ჯამში 8%-ზე მეტია ეკონომიკური ზრდა, რაც საშუალებას გვაძლევს გადავხედოთ დაგეგმილ მაჩვენებლებს. ჩვენ განვაახლეთ წლევანდელი პროგნოზი და 5.2%-ის ნაცვლად, ველოდებით, რომ წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 6%-მდე გაიზრდება. ასევე, მომდევნო წლებში საშუალო მაჩვენებელი იქნება 5.2%-ის ფარგლებში. რაც შეეხება სხვა პარამეტრებს, მნიშვნელოვანია, რომ ინფლაციის მაჩვენებელი იქნება მიზნობრივი ინფლაციის ფარგლებში. არ ველოდებით რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას ამ კუთხით – წელს 2.5% იქნება, მომდევნო წლებში კი 3%-ის ფარგლებში“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.