LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კანდელაკი: უკრაინის საკითხზე საქართველოს უმაღლეს აღმასრულებელ დონეზე მოქმედება სჭირდება – „ოცნებას“ საშუალება არ უნდა მივცეთ, მუშაობის იმიტაცია მოახდინოს

122
გიორგი კანდელაკი

„უკრაინის საკითხზე საქართველოს უმაღლეს აღმასრულებელ დონეზე მოქმედება სჭირდება – „ოცნებას“ საშუალება არ უნდა მივცეთ, მუშაობის იმიტაცია მოახდინოს“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებთან საუბრისას უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე კომენტირებისას განაცხადა.

კანდელაკის თქმით, „ევროპული საქართველო“ 26 იანვარს, საღამოს 10:00 საათზე რუსეთის ყოფილ საელჩოსთან უკრაინის მხარდამჭერ ღონისძიებას გამართავს.

„დღეს ვითარება უკრაინის ირგვლივ იმდენად სერიოზული და მძიმეა, რომ ერთადერთი, რაც სჭირდება პრაგმატულად საქართველოს, საქართველოს ეროვნულ და უსაფრთხოების ინტერესებს არის მხოლოდ უკრაინასთან ერთად, უმაღლეს აღმასრულებელ დონეზე, საერთაშორისო ასპარეზზე ერთ გუნდად მოქმედება.

რაც პირველ რიგში გულისხმობს პრემიერ – მინისტრის კიევში ჩასვლას, მაგრამ ასევე მოქმედებას უმაღლეს აღმასრულებელ დონეზე უკრაინასთან ერთად, საერთაშორისო ასპარეზზე, იმისთვის, რომ მოხდეს ჩვენი პრობლემების აქტუალიზაცია დასავლეთის მაღალი დონის პოლიტიკური დონის დღის წესრიგში.

აქედან გამომდინარე, ის რეზოლუციის იდეა, რომელიც საპარლამენტო ოპოზიციამ წამოაყენა და ახლა არც ვეხები პარლამენტის ლეგიტიმურობის ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვითარების სიმძიმიდან გამომდინარე, არის სიტუაციის შეუსაბამო, არაადეკვატური და იქნებოდა უბრალოდ ორთქლის გამოშვება და ფუჭი.

საქართველოს სჭირდება მხოლოდ უმაღლეს აღმასრულებელ დონეზე მოქმედება. არ უნდა მივცეთ საშუალება „ოცნებას“, რომ მოახდინოს მუშაობის იმიტაცია, რაც მას არაერთხელ გაუკეთებია წარსულში.

ასევე აქ არ არის საუბარი მხოლოდ მორალზე, იმაზე რომ თუნდაც 1993 წელს უკრაინელ პილოტებს გამოჰყავდათ დევნილები აფხაზეთიდან. აქ საუბარი არ არის არც იმაზე, რომ მაგალითად 2008 წელს რაოდენ დიდი როლი შეასრულა უკრაინამ საქართველოს მხარდასაჭერად ყურადღების მობილიზებაში, როცა პრეზიდენტი იუშენკო იდგა რუსთაველის გამზირზე რუსეთის აგრესიის განხორციელებისას.

აქ საუბარია თუ პრაგმატულად რა არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები, ეს არის რომ ახლა ჩვენი საკითხი, ჩვენი დეოკუპაციის საკითხი იყოს მაღალ დონეზე დასმული დასავლეთ-რუსეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში. ბოლოს, როგორ აღვნიშნე, ოთხშაბათს, საღამოს 10:00 საათზე, რუსეთის გაუქმებულ საელჩოსთან, უკრაინის მხარდასაჭერად გაიმართება „ევროპული საქართველოს“ ღონისძიება“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები