ქართულ-ამერიკული კლინიკის დამფუძნებელი გიორგი კავკასიძე საქართველოში შემოსულ ვიზიტორებზე დაწესებულ რეგულაციებს, სხვა ქვეყანებში არსებულ შეზღუდვებს ადარებს.
ამის შესახებ კავკასიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც კავკასიძე აღნიშნავს, ვაქცინირებულ ვიზიტორებს ჩვენს ქვეყანაში შემოსვლისას არ სთხოვენ 72 საათიან PCR ტესტს, რამაც მისივე შეფასებით, ახალი შტამების გავრცელებას შეიძლება შეუწყოს ხელი.
“ამ ზაფხულს რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში ვიმოგზაურე. მიუხედავად იმისა რომ სრულად (ორი დოზით) აცრილი ვიყავი ფაიზერ-ბიონტეკის ვაქცინით, საზღვრის გადაკვეთისას ყველა ქვეყანამ მომთხოვა 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის შედეგის სერტიფიკატი.
უფრო მეტი – ფრენამდე 72 საათის განმავლობაში უნდა შემევსო და დაავადებათა კონტროლის ცენტრისთვის გამეგზავნა სპეციალური ფორმა, სადაც სხვა ინფორმაციასთან ერთად უნდა მიმეთითებინა ქვეყანაში შესვლის გზა (საჰაერო, სახმელეთიოთუ საზღვაო), საჰაეროს შემთხვევაში შესვლის დრო და რეისის ნომერი, ვაქცინაციის სტატუსი, მისამართი სადაც ვიცხოვრებდი და საკონტაქტო ტელ ნომერი.
ევროკავშირის ქვეყნებისგან განსხვავებით დიდმა ბრიტანეთმა არ “სცნო” ჩემი ვაქცინაცია, რადგან არ ვიყავი ვაქცინირებული არც ევროკავშირის ქვეყანაში და არც აშშ-ში. ამიტომ 2 PCR ტესტის გაკეთება (ჩასვლიდან მე-2 და მე-8 დღეს) და 10-დღიან იზოლაციაში ყოფნა მომიხდა.
ნორმალური ქვეყნები ზრუნავენ თავის მოქალაქეებზე. იციან რომ ვაქცინირებულიც კი შეიძლება დაინფიცირდეს და კოვიდ-19 გამავრცელებელი იყოს. ამიტომ ყველასგან ითხოვენ PCR ტესტს, მკაცრი კონტროლი აქვთ დაწესებული ვიზიტორებზე.
საქართველო რატომღაც არ იზიარებს მსოფლიო პრაქტიკაას და “არ სჯერავს” რომ ვაქცინირებული შეიძლება დაინფიცირდეს და/ან შემოიტანოს ახალი ვარიანტი/შტამი. ამიტომ ვაქცინირებულ ვიზიტორებს ჩვენს ქვეყანაში შემოსვლისას არ ვთხოვთ 72 საათიან PCR ტესტს. ამას ემატება შემოსული ვიზიტორების გაყალბებული ვაქცინაციის სერტიფიკატები, რასაც ხშირად თვითონ ტურისტები ყვებიან (თურმე სპეციალური “პრეისკურანტიც” არსებობს).
მოკლედ – ახალი შტამებისთვის ფართოდ გვაქვს საზღვარი გახსნილი.”-წერს გიორგი კავკასიძე.