საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პირისპირ შეხვედრა გამართა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ფედერიკა მოგერინისთან. საუბრის დასაწყისში გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ არჩევნების შემდეგ პირველი ვიზიტის ბრიუსელში განხორციელება ევროკავშირთან სტრატეგიული ურთიერთობების დასტურია.
ფედერიკა მოგერინიმ გიორგი კვირიკაშვილს არჩევნების წარმატებით ჩატარება და პრემიერ-მინისტრის პოსტზე ხელახალი დანიშვნა მიულოცა. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება შეძლებს დასახული მიზნების სრულად განხორციელებას.
მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ძირითადი საკითხები და ხაზი გაუსვეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მესამე სხდომის მნიშვნელობას, რომელიც ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, მაღალი დონის პირველი ინსტიტუციური შეხვედრაა. გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზაობა, ფართომასშტაბიანი რეფორმების გზით მიაღწიოს ევროკავშირთან პოლიტიკურ ასოცირებას და ეკონომიკურ ინტეგრაციას.
აღნიშნულ კონტექსტში ხაზი გაესვა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის დასრულების მნიშვნელობას, რაც, მხარეთა შეფასებით, იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონკრეტული სარგებელი და სტიმული, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები მოელიან ევროინტეგრაციის შედეგად.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ცალსახად დაადასტურა ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების მხარდაჭერა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისადმი და აღნიშნა, რომ საქართველომ ზედმიწევნით შეასრულა ყველა საჭირო მოთხოვნა.
გიორგი კვირიკაშვილმა და ფედერიკა მოგერინიმ ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებისა და ქვეყანაში სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართულებით ევროკავშირის როლის გააქტიურების მნიშვნელობაზე.
ფედერიკა მოგერინიმ დაადასტურა ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.