LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო პირველად მონაწილეობს ევროპის კავშირსა და კანდიდატ ქვეყნებს შორის არსებულ ეკონომიკურ და ფინანსურ დიალოგში

131
ბრიუსელი

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ბრიუსელში ევროკავშირის ეკონომიკურ და ფინანსურ საქმეთა საბჭოს (ECOFIN) შეხვედრაში მონაწილეობენ.

მნიშვნელოვანია, რომ წელს, 15 იანვარს, საქართველომ, როგორც კანდიდატმა ქვეყანამ ევროკომისიაში პირველად წარადგინა ეკონომიკური რეფორმების პროგრამა (Economic Reform Programme, ERP).

აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს ევროკავშირის მიერ შემუშავებულ საშუალოვადიანი დაგეგმვის დოკუმენტს კანდიდატი ქვეყნებისათვის. აღნიშნულ პროცესში მონაწილეობა ემსახურება საქართველოს მაკროეკონომიკური და ფისკალური პროგნოზების ინტეგრირებას ევროპული სემესტრის დაგეგმვის ფარგლებში.

შეხვედრაში მონაწილეობენ ალბანეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, კოსოვოს, მოლდოვას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიის, სერბეთის, თურქეთის, უკრაინის ფინანსთა მინისტრები და ეროვნული ბანკების პრეზიდენტები, ევროკომისიისა და ევროპის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლები.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივი დასკვნები გამოქვეყნდება, რომლითაც შეჯამდება საქართველოს და სხვა კანდიდატი ქვეყნების მიერ მომზადებული ეკონომიკური რეფორმების პროგრამის (ERP) შეფასება და მასზე დაფუძნებით გაიცემა რეკომენდაცია საშუალოვადიანი მაკროეკონომიკური და ფისკალური გეგმების შემდგომი განახლებისთვის.

გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული ეკონომიკური რეფორმების პროგრამის (ERP) პირველი დოკუმენტი მოიცავდა როგორც სავალდებულო მაკროეკონომიკური პროგნოზების და ანალიზის ნაწილს, ასევე სტრუქტურული რეფორმების ნაწილს.

შესაბამისად, ევროკავშირის მიერ რეკომენდაციები მომზადდა, როგორც მაკრო-ფისკალური ნაწილის, ისე სტრუქტურული რეფორმების მიმართულებით, როგორიცაა ენერგო დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება, სოფლის მეურნეობა, არაფორმალური ეკონომიკა და დასაქმება, ადამიანური კაპიტალის განვითარება და მასთან დაკავშირებული განათლების, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის სისტემის რეფორმები და სხვა.

mazda magti 5g