საქართველოს დელეგაცია გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის გახსნას დაესწრება. მანამდე კი პრემიერმინისტრი ეუთოს გენერალურ მდივანს, ტომას გრემინგერს, შეხვდა.
მხარეებმა ნიუ-იორკში, გაეროს შტაბბინაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ეუთოს თანამშრომლობის საკითხი, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ეუთოს როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.
“ეუთო ძალიან სერიოზულ როლს ასრულებს საქართველოში კონფლიქტებთან მიმართებით. ეუთო არის წარმოდგენილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე, როგორც ერთ-ერთი თანათავმჯდომარე და ჩვენთვის ბუნებრივია, საინტერესო იყო ახალ გენერალურ მდივანთან სწორედ ამ თემებზე საუბარი. დეტალურად იქნა განხილული ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაცია. ჩვენ მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია იქ არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით,” – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ზალკალიანმა.
დღეს გიორგი კვირიკაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტისგან ერთი წლით ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარეობას გადაიბარებს. მაღალი დონის შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის გახსნის შემდეგ, ნიუ იორკში გაიმართება, გახსნის ცერემონიას დაესწრება საქართველოს დელეგაციაც.