საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა, კლუბების დარბევისა და ამ ფაქტის შემდეგ დაწყებულ აქციებზე პირველი კომენტარი გააკეთა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დაემუქრება.
“გუშინ საღამოსვე, კახა კალაძემ, ჩვენი გუნდის სახელით გააკეთა განცხადება, სადაც მკაფიოდ იყო დაფიქსირებული ჩვენი პოზიცია. მან მოუწოდა ყველას გაერთიანებისკენ, იმ უმძიმეს დანაშაულთან ბრძოლაში, რასაც ნარკოტიკების რეალიზაცია ჰქვია.
კიდევ ერთხელ ვამბობ – სახელმწიფოს ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრი პოზიცია ექნება, მომხმარებლების მიმართ კი ჰუმანური იქნება.
მინდა კიდევ ერთხელ მოგმართოთ, ჩემო შვილებო, ჩემო ახალგაზრდებო, თქვენ ხართ მომავალი თაობა, ხვალინდელი დღე.
პირადად ვარ იმის გარანტი, რომ ჩვენ ქვეყანაში თქვენი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დაემუქრება.
ამ მონაპოვარით თითოეული ჩვენგანი ამაყოფს. ის, რომ ადამიანის გამოხატვის თავისუფლება ჩვენი პრიორიტეტია, ამას გასული საათებიც ადასტურებს.
ამ ფონზე, როდესაც, სახელმწიფო ძალისხმევას არ იშურებს, მოქალაქეთა ამ უფლების დასაცავად, კატეგორიულად დაუშვებელია საზოგადოების გახლეჩვის მცდელობა”, – განაცხადა პრემიერმა და სამართალდამცველებს მოუწოდა, კიდევ უფრო გააძლიერონ ზომები, რათა მოქალაქეთა უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული.
პრემიერმა ყველას მიმართა თხოვნით ერთიანობა შეინარჩუნონ, ხვალინდელი დღის და მომავლის გარშემო.
https://www.facebook.com/KvirikashviliOfficial/videos/622093888135639/
“ნუ დავუშვებთ სიძულვილს განსხვავებული მოსაზრებების გამო”, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრის გამოსვლას პარლამენტთან მყოფი აქციის მონაწილეების უკმაყოფილება მოჰყვა. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ბექა წიქარიშვილმა აღნიშნა, გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლა არაადეკვატურია.
მისივე განცხადებით, აქცია უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება, სანამ არ განხორციელდება ძირეული რეფორმები და მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მომიტინგეები გიორგი კვირიკაშვილის მისამართით სკანდირებენ, რომ ის დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს.