LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილი სლოვაკეთის პრეზიდენტ ანდრეი კისკას შეხვდა

80

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნიუ-იორკში სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ანდრეი კისკას შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემები გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიის ფარგლებში განსახილველი საკითხები, საქართველო-სლოვაკეთის ორმხრივი თანამშრომლობა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები იყო.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მიერ ვიზის ლიბერალიზაციის გზაზე მიღწეული წარმატება ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ აღიარეს. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას ევროპარლამენტი მხარს დაუჭერს და ამ პროცესში სლოვაკეთი, როგორც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა, საკუთარ წვლილს შეიტანს.

ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, ბოლო პერიოდში აქტიურად ვითარდება. ასევე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის ეკონომიკური კავშირების გაღრმავების და სავაჭრო ბრუნვის ზრდის იმედი გამოთქვეს. გიორგი კვირიკაშვილმა ანდრეი კისკას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.