LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მშვენიერაძე: ,,17 წელია რადიო „არ დაიდარდო“ ჩემი ცხოვრების ნაწილია”

5553
page

2021 წლის 1–ელ ივნისს, საქართველოში ყველაზე რეიტინგულ რადიოს „არ დაიდარდო“ 17 წელი შეუსრულდა. ის რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ შემადგენლობაშია და ქვეყნის მასშტაბით ყველაზე პოპულარულ რადიოებს შორის პირველობას დაარსების დღიდან არავის უთმობს. რადიოს არაერთი ახალი სახე აღმოუჩენია, რომელთა რეპერტუარსაც დღეს ქართული საზოგადოების ნაწილი სიამოვნებით უსმენს.

„არ დაიდარდოს“ 17 წელია, გიორგი მშვენიერაძე ხელმძღვანელობს.

გიორგი მშვენიერაძე:

2004 წელს რადიოჰოლდინგის შემადგენლობაში უკვე არსებობდა ორი რადიო: „ფორტუნა“ და „ფორტუნა პლუსი“. ჩვენმა ხელმძღვანელებმა, გურამ და თამუნა ჩიგოგიძეებმა გადაწყვიტეს, ნამდვილი ქართული რადიოს, როგორც შემდეგ შევარქვით, ჭეშმარიტად ქართული ტალღის გაკეთება. ასეთი ფორმატის რადიო, რომელიც მხოლოდ ქართულ მუსიკას გადასცემდა ეთერში, რადიო 2 გახლდათ. ჩვენი ჰოლდინგის სპეციფიკიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ისეთი რადიო, რომელიც ქართულ მუსიკაზე იქნებოდა ორიენტირებული და ასევე იქნებოდა რეიტინგული, გახდებოდა ხალხისთვის საყვარელი ტალღა. როგორც გამოაჩინა ამდენმა წელმა, ჩვენი მოლოდინი გამართლდა. გახსნის დღიდან, და იმედია, ტრაბახში არ ჩამომართმევთ, ყველანაირი კვლევა ადასტურებს, რომ რეიტინგში პირველები ვართ.

რადიო „არ დაიდარდო“ ჩემი ცხოვრების ნაწილია, მას მეორე ოჯახს ვეძახი. ზოგადად, რადიოში ცხოვრების დიდი ნაწილი მაქვს გატარებული, 90–იანი წლებიდან დაწყებული, ბოლო 17 წელი კონკრეტულად „არ დაიდარდოში“.

თავიდან, პირველივე დღიდან, დიდი ბუმი იყო. რამდენიმე კვირა საცდელი მაუწყებლობა გვქონდა და ქართული სიმღერები გადიოდა, შესაბამისად, მსმენელი შემზადებული შეხვდა და უკვე იცოდა, როგორი იქნებოდა ახალი რადიო. ბევრი შემთხვევა ვიცი, როცა სხვადასხვა სამარშრუტო ტაქსიში მგზავრები ეჩხუბებოდნენ მძღოლს, „არ დაიდარდოზე“ გადართეო. არა მხოლოდ საესტრადო ჟანრის, არამედ ქალაქური სიმღერებიც წამოვწიეთ წინ, უფრო მეტად საქეიფო–საცეკვაო ჟანრი, რომელიც მანამდე „ყურს ჭრიდა“ და რადიოში არ გადიოდა. შეიძლება, გოიმობად მიიჩნეოდა ან „ტეხავდა“ მათი მოსმენა. ჩვენ ასეთი რეპერტუარიც წამოვწიეთ წინ.

ამ ჟანრის წინ წამოწევამაც იმოქმედა, რომ „არ დაიდარდო“ ხალხისთვის საყვარელ რადიოდ იქცა. ჩვენი რადიოს პოპულარული რუბრიკა ასევე იყო თხოვნები, სადაც უამრავი ხალხი რეკავდა და საყვარელ სიმღერებს ითხოვდნენ. წლების განმავლობაში ბევრი საინტერესო რუბრიკა გვქონდა.

რადიოს პოპულარობაში დიდი წვლილი შეიტანეს წამყვანებმაც, რომლებმაც თავიანთი განსხვავებული სტილი და ხელწერა დაამკვიდრეს ამ სივრცეში. თავიდან ცოტა რთული იყო და ვერ ხვდებოდნენ, რა მიმართულებით წასულიყვნენ, რადგან მსგავსი რადიო მანამდე არ არსებობდა, ახლა კი „არ დაიდარდოს“ სტილის წამყვანები ცალკე მიმართულებასავით არის ამ სფეროში.

ძალიან ბევრი ისეთი მომღერალი გამოჩნდა, შეიძლება ითქვას, ჩვენ აღმოვაჩინეთ. ასევე ძალიან ცნობილმა შემსრულებლებმა, რომლებიც უფრო მეტად პოპს, პოპ–როკს, საესტრადო ჟანრს ასრულებდნენ, სპეციალურად დაიწყეს ქალაქურ ჟანრში სიმღერების ჩაწერა.

პირველი ჩვენი აღმოჩენა იყო ნინო ჩხეიძე, დათო კენჭიაშვილი, „ალილო“, „თეატრალურის კვარტეტი“, საქეიფო ჟანრიდან გიორგი წერეთელი, ჯერ მარტო, შემდეგ ლოლასთან ერთად და ა.შ.

რა თქმა უნდა, სიახლეების დრო ყოველთვის არის. მუდამ ვამრავალფეროვნებთ ეთერს გადაცემებითა და რუბრიკებით. ჩვენი სლოგანი ჭეშმარიტად ქართული ტალღა, რასაკვირველია, მუდმივად უცვლელი იქნება.

მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს რადიოჰოლდინგს წლებია, შემოემატა კონკურსი „ოქროს ტალღა“, რომელიც ხელს უწყობს ახალი სიმღერების ჩაწერას, რადგან ის ქართულ სიმღერებს აჯილდოებს. კონკურსი ყოველ წელს უფრო მასშტაბური ხდება. „ოქროს ტალღა“ რომ გვაქვს, ეს რადიო „არ დაიდარდოს“ დიდ მიღწევად მიმაჩნია.

ასევე გამოვყოფ ჩვენს ინტერნეტმიმართულებას, ვებგვერდსა თუ სოციალურ ქსელებს, სადაც ძალიან აქტიურად ვართ წარმოდგენილები, უამრავი ვიდეოთი, რომლებსაც წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის ნახვა აქვს. დღეს ნებისმიერი კომპანიის არსებობა წარმოუდგენელია ვებისა და სოცქსელების გარეშე, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება რადიოს, ამიტომაც ამ მიმართულებით უამრავ სიახლეს ვგეგმავთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g