ეკონომიკური ატაშეების სხვანაირ მოდელს ვქმნით, ისინი იქნებიან მიბმულები საელჩოებთან, დესპანის პოზიციაში, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა. მინისტრის თქმით, ახალი მოდელის მიხედვით, დესპანები აიღებენ იმ ფუნქციას, რაც ატაშეებისთვის იყო გამიზნული.
„ეს იმისთვის კეთდება, რომ ვთვლით, უფრო ახლო კოორდინაცია საელჩოებთან ეფექტურ მექანიზმს წარმოადგენს იმ მიზნების მისაღწევად, რისთვისაც ატაშეების ინსტიტუტი იყო შექმნილი,” – განაცხადა ქობულიამ.
შეგახსენებთ, გიორგი კვირიკაშვილი საელჩოებში ეკონომიკური კომპეტენციის მქონე თანამშრომლის საჭიროებაზე ჯერ კიდევ 2015 წელს, საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციიდან საუბრობდა. მისი პრემიერობის დროს, 2018 წელს კომერციული ატაშეების კონკურსი გამოცხადდა, თუმცა საქართველოს ეკონომიკური ატაშე ამ დრომდე არც ერთ ქვეყანაში არ ჰყავს.