LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი სანაიას ოჯახი პროკურატურას მიმართავს

303

2001 წელს, საკუთარ სახლში მოკლული ჟურნალისტის, გიორგი სანაიას ოჯახი პროკურატურას მიმართავს, პატიმარ კოტე ციხისთავის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყოს.

გიორგი სანაიას ძმა, ჟურნალისტი ვახო სანაია მოითხოვს, დაიკითხოს ყველა ის პირი – შევარდნაძის მთავრობის მაღალჩინოსნები, ვინც ფიგურირებს კოტე ციხისთავის განცხადებაში.

მისივე თქმით, სატელევიზიო სიუჟეტის გასვლის შემდეგ საგამოძიებო ორგანოდან ოჯახს არავინ დაკავშირებია.

“როგორც მკვლელობის პირველივე დღიდან, ჩვენ დღესაც დარწმუნებული ვართ, რომ ეს იყო პოლიტიკური მკვლელობა, რომ ამას ჰყავდა შემკვეთები, ორგანიზატორები, დამხმარეები და შემსრულებლები.

“რუსთავი 2”-ის ეთერით ციხიდან მოვისმინეთ კოტე ციხისთავის განცხადება. ის საუბრობს დეტალებზე და ავითარებს პანკისურ ვერსიას, მათ შორის, “კასეტასთან” დაკავშირებით. ის პირდაპირ აცხადებს, რომ იცის ვინ იყვნენ ამ მკვლელობის ორგანიზატორები და მან დაასახელა ყოფილი მაღალჩინოსნები. ამბობს, რომ მკვლელობის შემსრულებელი იყოს შოთა ჭიჭიაშვილი.

ოჯახი ვითხოვთ, რომ მოხდეს პროკურატურის მხრიდან ამაზე რეაგირება. რამდენიმე დღეში, ოფიციალურად, წერილობითაც მივმართავთ პროკურატურას, რომ დაიწყოს გამოძიება, დაკითხოს კოტე ციხისთავი. ჩვენ არ ვიცით, რა ინტერესით და რატომ დაიწყო ახლა მან ამ თემაზე საუბარი. ჩვენ არასდროს გავსულვართ სამართლებრივი სივრციდან და არც გავალთ. ეს ყველაფერი არის გამოძიების, სახელმწიფოს, პროკურატურის გასაკეთებელი. ჩვენ ამდენი წელია ვითხოვთ ამ საქმის გამოძიებას.

პროკურატურას ახლაც მივმართავთ მედიის საშუალებით და რამდენიმე დღეში განცხადებასაც შევიტანთ. ჩვენ მივაწვდით სატელევიზიო ინტერვიუს სრულ ვარიანტსაც, რომ საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყონ”, – განაცხადა ვახო სანაიამ.

დღეს გიორგი სანაიას დაბადების დღეა. მას 43 წელი შეუსრულდებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g