LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი სუხიტაშვილი: „მინდა, როცა მე აღარ ვიქნები, „სუხიტას ბაღი“ დარჩეს და იცოდნენ მის შესახებ…“

1212
გიორგი სუხიტაშვილი - სუხიტას ბაღი

მშობლიური სოფლის სიყვარულმა გიორგი სუხიტაშვილს კარგი ამბები წამოაწყებინა – გადაწყვიტა, თავის მიწაზე „სუხიტას ბაღი“ გააშენოს, მალე „ზღაპრის სახლიც“ დასრულდება და პროცესი, რომელიც მომღერლისთვის ძალიან სასიამოვნოა, ბევრ კარგ შედეგს მოიტანს.

გიორგი სუხიტაშვილი ამ თემაზე ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრა.

„სუხიტას ბაღის“ შექმნის იდეა ოთხი წლის წინ გამიჩნდა, მაშინ, როცა ჩემს ნაკვეთში პირველად დავრგე სამი მუხის და სამი ნეკერჩხლის ნერგი. ყოველთვის მინდოდა, ამ ადგილას პატარა სახლი მქონოდა თუმცა, ეს ძალიან შორეული პერსპექტივა მეგონა. მართლა არ მეგონა, რომ ამას გავაკეთებდი, მაგრამ დღეს ზუსტად იმ ადგილას, სადაც ვფიქრობდი, უკვე სახლი დგას. ვიღაცის საზომით, განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია და მართლაც ასეა, მაგრამ ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ის, რომ საკუთარი სურვილი სისრულეში მოვიყვანე. პაპაჩემი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როცა ამ ტერიტორიის განახლება გადავწყვიტე, მინდოდა, აქაურობასთან მომავალშიც ყოველდღიური შეხება მქონოდა. ასეც მოხდა, პრაქტიკულად, ყოველ მეორე დღეს იქ ვარ.

რა ბედი ეწია ძველ სახლს, სადაც პაპა ცხოვრობდა?

ის სახლი თავის ადგილას დგას, ახალი სახლი გვერდით ნაკვეთში ავაშენე. ის სახლი მთელი ოჯახისაა – მშობლების, ჩემი და-ძმის. ჩვენს მშობლებს არასდროს უფიქრიათ, რომ სხვა შვილები წავიდოდნენ და ეს სახლი მხოლოდ ერთს დარჩებოდა. ეს არის ჩვენი ბავშვობისა და მოგონებების სახლი. ამიტომ მას მნიშვნელობა თუ არ შეემატება, ნამდვილად არ მოაკლდება. მე გადავწყვიტე, ცალკე სახლი გამეკეთებინა, ჩემთვის. ზოგადად, მე ბავშვობიდან ასეთი ტიპი ვარ. მიყვარს სიმყუდროვე, მარტო ყოფნა და ფიქრი. როცა წერ, მუშაობ თუ ფიქრობ, საკუთარი სივრცე გჭირდება და ისედაც, მგონია, რომ ადამიანმა ცხოვრებაში საკუთარი უნდა შექმნას. ისევე, როგორც თავის დროზე ჩემმა მშობლებმა გააკეთეს, როგორც პაპაჩემმა გააკეთა და ასე შემდეგ – ეს ბუნებრივი ამბავია.

ადამიანებს ცოტა უცნაური რეაქცია აქვთ, რატომღაც თვლიან, რომ თუ ახალს აკეთებ, ძველს აღარ აქცევ ყურადღებას. ასე არ არის. ის სახლი ყველასთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ მე აქ კიდევ ჩემი იდეები მაქვს. ჩემს ბაღში კიდევ მინდა პატარა სახლუკების აშენება. მინდა, სამომავლოდ საფესტივალო სივრცე გავაკეთო, შესაბამისი ადგილი მცირე კულტურული ღონისძიებებისთვის და ასე შემდეგ. ასე, რომ ამაში არაფერი ტრაგიკული არ არის, პირიქით მგონია.

სასიამოვნოდ დაღლილი რომ უყურებ საკუთარ ნამუშევარს, რას ფიქრობ, სამომავლოდ, როგორი წარმოგიდგენია ეს ადგილი?

თავიდანვე მქონდა სურვილი, რომ ბევრი წლის შემდეგ, ეს ყოფილიყო განსხვავებულად გამწვანებული ბაღი და დღემდე ეს სურვილი მამოძრავებს. ხეები არალოგიკურად მაქვს დარგული, თან ძალიან ბევრნაირი, მინდა, მრავალფეროვნება იგრძნობოდეს. მინდა, წლების შემდეგ, აქ ბევრი ჩიტი იყოს, ბევრი სიმწვანე, ჩრდილი და ჟრიამული. მინდა, როცა მე აღარ ვიქნები, „სუხიტას ბაღი“ დარჩეს და იცოდნენ მის შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები