ჟურნალ „სარკესთან“ გიორგი თარგამაძე საუბრობს. მოგეხსენებათ, ის ახლახან ტელეკომპანია „ფორმულაზე“ ახალი გადაცემით გამოჩნდა, ხოლო მისი მეუღლე, ასევე ტელეჟურნალისტი, თათია თოფურია კი „მთავარ არხზე“ დილის გადაცემას გაუძღვება.
როგორც გიორგი თარგამაძე ჟურნალთან აღნიშნავს, წლების განმავლობაში თათიასთვის ადგილი არც ერთ ტელევიზიაში არ გამოძებნა და ის სხვა საქმით იყო დაკავებული:
„ორივეს გვქონდა ჟურნალისტური პაუზა. ისე მოხდა, რომ წლების განმავლობაში არც ერთი არხს ეთერში არ იყო მისი ადგილი. ესეც იმ მითებისა და ლეგენდების, ნეგატიური დეზინფორმაციული კამპანიის შედეგი იყო. თათია არსად მიიღეს, ამიტომ სხვა სფერო სცადა და იქ ახლაც აგრძელებს მუშაობას.
ახლა კი უცნაური რამ მოხდა – ჯერ თათიამ მიიღო შეთავაზება ტელევიზიაში მუშაობასთან დაკავშირებით და თვენახევრის მერე – მე, ოღონდ სხვადასხვა არხზე. ისე მოხდა, რომ ეთერში გასვლა მე დავასწარი. ისინი ჯერ კიდევვ მზადების პროცესში არიან და, თუ არ ვცდები, 2 დეკემბერს გავლენ პირველად ეთერში. ეს იქნება „მთავარ არხზე“. დილას ადრე დაიწყება გადაცემა, რომელიც შუადღემდე გასტანს. მას რა თქმა უნდა, ვგულშემატკივრობ და ძალიან მიხარია“.
როგორც გიორგი ამბობს, მათ უფროს გოგონას ჟურნალისტობა უნდა და თათიას დიდი მონდომების მიუხედავად, ამ სურვილზე ხელი ვერ ააღებინეს: „თათიას არ უნდა იმიტომ, რომ ამ პროფესიის გამო ბევრი სტრესი, ტკივილი და დაუმსახურებელი დამოკიდებულება მიიღო დიდ სიხარულთან ერთად. ესაა ცხოვრება და არ უნდა შევუშინდეთ. მე რომ ამ სტრესის შემშინებოდა, ცხოვრებაში ვერაფერს გავაკეთებდი“.