„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე ითხოვს, საქართველოში არჩევნები საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციამ ჩაატაროს.
ამის შესახებ ვაშაძემ პარლამენტთან აქციაზე განაცხადა.
„მე მინდა კონკრეტულად ვთქვა ჩვენი გადაწყვეტილებების შესახებ ჩვენი გუნდის სახელით. როგორც თქვენ, ასევე ჩვენ ამ არჩევნებს ვცნობთ არალეგიტიმურად, ეს არჩევნები არ არის ლეგიტიმური!
არ ვაპირებთ ამ პარლამენტში შესვლას და არა თუ შესვლას, ყველა მანდატზე ვამბობთ უარს და ჩავხსნით სიებს!
ჩვენ ვაპირებთ ვიბრძოლოთ გამარჯვებამდე და პირობას გაძლევთ, გაიმარჯვებთ აუცილებლად ერთად!
ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული მოთხოვნა- ჩატარდეს არჩევნები ახლიდან, ოღონდ ჩაატაროს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციამ და არა ამ გაყალბებულმა სარჩევო ადმინისტრაციამ. ეს არის ის მოთხოვნები, რომელიც უნდა შესრულდეს.
ამასთან, არ ვაპირებთ არანაირ მოლაპარაკებებში შესვლას. არ ვაპირებთ არანაირი დიალოგების წარმოებას, ერთადერთი მოლაპარაკება და შეთანხმება უნდა იყოს ახლიდან ჩატარებულ არჩევნებზე, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო ადმინისტრაცია და არა “ქართული ოცნების” და სუს-ის მიერ მართული საარჩევნო კომისიები,“ – განაცხადა ვაშაძემ.
