LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გისოსები თუ აღმზრდელები – ბავშვების უსაფრთხოების საკითხი გააქტიურდა

ორშაბათს ყველა გადატვირთულ ბაგა-ბაღში პერსონალი იქნება დამატებული. როგორც „ფორტუნას“ ბაგა- ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თემურ თორდინავამ, განუცხადა ბაგა- ბაღებში კონტროლისა და უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მიზნით, აღმზრდელების და აღმზრდელის დამხმარე პერსონალის დამატება მიმდინარე კვირაშივე დაიწყება და ორშაბათს ყველა ბაღში საკმარისი პერსონალი იქნება.

აღმზრდელებისა და მათი დამხმარეების დამატება ყველა ბაღის ინდივიდუალური საჭიროების  მიხედვით მოხდება, შესწავლილი იქნება ყველა ჯგუფის მოთხოვნა. არის ბაღები, სადაც ერთდროულად რამდენიმე ჯგუფია გადატვირთული. კონკრეტული რიცხვი, თუ რა რაოდენობის პერსონალის დამატება მოხდება ბაგა- ბაღებში და რომელ ბაღებს დაემატებათ აღმზრდელები, კვირის ბოლოს იქნება დაზუსტებული,“ – განაცხადა „ფორტუნასთან“ თორდინავამ.  

საბავშვო ბაღებში გადატვირთულ ჯგუფებზე „ფორტუნა“ სასწავლო წლის დასაწყისშივე წერდა. მაშინ სააგენტოში აცხადებდნენ,  რომ  გადატვირთულ ბაღებში ინვენტარის და აღმზრდელების დამატება ეტაპობრივად მოხდებოდა.  როგორც ჩანს,  206-ე  ბაგა- ბაღში მომხდარმა ინციდენტმა აიძულა ბაგა- ბაღების სააგენტო,  დაეჩქარებინა ეს პროცესი.

საბავშვო ბაღებში აღმზრდელებისა და ბავშვების თანაფარდობას კანონი განსაზღვრავს, რომელიც სრულად 2020 წლისთვის შევა ძალაში. კანონით განსაზღვრული სტანდარტის მიხედვით, 2-3-წლიან ჯგუფში არაუმეტეს 25 ბავშვისა,  ხოლო 3-4 და 4-5 წლიან ჯგუფებში არაუმეტეს 30 ბავშვისა უნდა იყოს.   პედაგოგების თანაფარდობა 2-3 წლიან ჯგუფში 1/13-ზე, ხოლო ზედა ჯგუფებში  1/15-ზე არის დასაშვები. 

ბაღებში სისტემური ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობენ ბავშვთა უფლებადამცველები.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი, ანა არგანაშვილი, „ფორტუნასთან“  ბაგა-ბაღების მაკონტროლებელი დამოუკიდებელი ორგანოს შექმნის აუცილებლობაზე მიუთითებს.

„კანონში სკოლამდელი აღზრდის  შესახებ ჩაწერილია , რომ ბავშვის უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს. თუმცა, კანონი კონკრეტულ სტანდარტებს არ ადგენს და ამისთვის დამატებითი მექანიზმია საჭირო.  დღეს ძალიან ბევრი ტვირთია მასწავლებელზე. ბაგა-ბაღებში ფსიქოლოგები ინდივიდუალურად უნდა მუშაობდნენ ბავშვებთან,  ერთ დიდ ბაღზე ერთი ფსიქოლოგი არასაკმარისია.  გარდა ამისა, კანონის აღსრულებისთვის აუცილებელია დამოუკიდებელი მაკონტროლებელი ორგანო. დღეს ბაღის კონტროლი თავად სერვისის გამწევს – სააგენტოს ევალება,  რომელიც თავის თავს მონიტორინგს ვერ გაუწევს,“ – ამბობს ანა არგანაშვილი.

ვიდრე  ბაგა-ბაღების სააგენტო კანონით გაწერილ სტანდარტებში მოაქცევს ბაღებში ბავშვთა რაოდენობას, ხოლო სახელმწიფო ახალ,  სისტემურ ცვლილებებს განახორციელებს,  მშობელთა ნაწილი უსაფრთხოების დამატებით ღონისძიებებზე ფიქრობს. საბავშვო ბაღებზე გისოსების დამონტაჟების მოთხოვნით manifest.ge-ზე უკვე რამდენიმე დღეა, ხელმოწერები  გროვდება.

 

„საბავშვო ბაგა- ბაღებში უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ფანჯრებსა და აივნებს გაუკეთდეს დამცავი გისოსები. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი და იმედია, ბიუჯეტიდან გამოიყოფა თანხა აღნიშნული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად,“ – ნათქვამია მანიფესტში.

 

 

თამუნა გოგუაძე 

 

magti 5g