LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გივი მიქანაძე – „იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემს მშობლიურ სოფელში სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით სიცრუეს ტირაჟირებენ, მოვუწოდებ, საჯაროდ მოიხადონ ბოდიში, სხვა შემთხვევაში, მათ კანონის წინაშე მოუწევთ პასუხისგება“

105
გივი მიქანაძე

განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე „სიცრუესა“ და „დეზინფორმაციულ კამპანიას“ უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ის გურიის სოფელ არჩეულში სახლს საბავშვო ბაღის ადგილას აშენებს.

მიქანაძე საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს და აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაციის გამავრცელებლებს კანონის წინაშე პასუხისგება მოუწევთ.

„ეს მორიგი იაფფასიანი და დეზინფორმაციული კამპანია გახლავთ. კონკრეტული პირები, რომლებიც აღნიშნულ ტყუილს მიზანმიმართულად ავრცელებენ, პირდაპირ გეტყვით, სიცრუეს ტირაჟირებენ და ამის გადამოწმება ძალიან მარტივად არის შესაძლებელი. მიწა, რომელიც ყველა დადგენილი წესისა და კანონის სრული დაცვით შევიძინე, ცარიელი ადგილი იყო და იქ არანაირი შენობა-ნაგებობა არ იდგა.

ჩემ მიერ შეძენილი მიწის ფართობი 1000 კვადრატულ მეტრს არ აღემატება. მისი ღირებულება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადგენილი ღირებულების საფუძველზე განისაზღვრა.

სწორედ ამიტომ, მოვუწოდებ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ საკითხთან მიმართებით სიცრუეს კამპანიას აწარმოებენ, საჯაროდ მოიხადონ ბოდიში. სხვა შემთხვევაში, მათ კანონის წინაშე მოუწევთ პასუხისგება. პირდაპირ გეტყვით, არ ვაპირებ უგულებელვყო იმ სიცრუისა და ბრალდებების ტირაჟირება, რასაც ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩემს წინააღმდეგ მიზანმიმართულად ახორციელებენ. ამ ყველაფერს სამართლებრივი ფორმა მიეცემა იმ შემთხვევაში, თუ ეს ადამიანები არ აღიარებენ, რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი და საჯაროდ არ მოიხდიან ბოდიშს.

კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ სამშენებლო პროექტი ყველა მოქმედი წესის სრული დაცვით მომზადდა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიას წარედგინა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც აღნიშნული პროექტი დამტკიცდა, დაიწყო ხის კოტეჯის სამშენებლო სამუშაოები ჩემს სოფელში. ეს არის ძალიან მარტივი ამბავი – ალბათ, ნებისმიერ ქართველ ადამიანს აქვს სურვილი, მშობლიურ მხარეში საგვარეულო სახლი ჰქონდეს.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც ჩემი ქონების შეძენასთან ან იქ განხორციელებულ სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით აქვს ინტერესი, შეუძლია გაარკვიოს როგორ წარიმართა პროცესი და რამდენად იყო ის კანონის ფარგლებში. აღნიშნული ინფორმაცია არის საჯარო და შეგიძლიათ, გამოითხოვოთ როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიისგან, ასევე სსიპ ქონების მართვის ეროვნული სააგენტოსგან,“ – განაცხადა გივი მიქანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები