LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გლდანის ციხეში პატიმარმა თვითმკვლელობა სცადა – მსჯავრდადებული კლინიკაში გადაიყვანეს

104
გლდანის მე-8 დაწესებულება

გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში პატიმარმა, ტარიელ დვალმა თვითმკვლელობა სცადა.

ამის შესახებ ინფორმაცია თავად მსჯავრდადებულის ადვოკატმა დაადასტურა და თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა მუცელში ბასრი საგანი, სავარაუდოდ კალამი რამდენჯერმე ჩაირტყა.

როგორც ტვ „პირველს“ დაკავებულის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ უთხრა, პროტესტის უკიდურეს ფორმას პატიმარმა „სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილების“ შემდეგ მიმართა – კერძოდ კი, მას შემდეგ, რაც მსჯავრდადებულმა გაიგო, რომ უზენაესმა სასამართლომ მისი საქმე წარმოებაში ჯერ კიდევ არ მიიღო.

უფლებადამცველის ცნობით, ტარიელ დვალს 8-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

როგორც „ფორტუნას“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს, მსჯავრდადებული ტ.დ. N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ს.ს.კ-ის 223-ე პრიმა მუხლის ( ქურდული სამყაროს წევრობა, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა) საფუძველზე მოთავსდა.

მათივე ცნობით, მიმდინარე წლის 6 სექტემბერს, მსჯავრდადებული ტ.დ. უფლებადამცველთან შეხვედრის მიზნით, ხანმოკლე პაემნისთვის განკუთვნილ ოთახში იმყოფებოდა, რა დროსაც მსჯავრდადებულმა მუცლის არეში დაზიანება პლასტმასის საგნით მიიყენა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მსჯავრდადებულმა განმარტა, რომ იგი ამ დროს აღელვებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა, კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებია.

მათივე განცხადებით, მსჯავრდადებულს დაწესებულების მედპერსონალის მიერ პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაეწია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების საფუძველზე საჭიროდ ჩაითვალა თბილისის ერთ-ერთ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა.

მომხდარს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია იძიებს.