გორის ქალთა კამერული გუნდის ხელმძღვანელი თეონა ცირამუა ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში, რუბრიკის – „პირადი გამოცდილების“ სტუმარია.
თეონა ცირამუა, რომელიც ზაფხულის ცხელ დღეებს მეუღლესთან და ქალიშვილებთან – კირასთან და თუთასთან ერთად სამეგრელოში, მშობლიურ სოფელში ატარებს, „სარკესთან“ ინტერვიუში საუბრობს, თუ რატომ გადაწყვიტა გოგონების წაყვანა მშობლიურ სოფელში.
მუსიკოსი ამავე რუბრიკაში საუბრობს, თუ რა მეთოდებით ზრდის ტყუპებს.
„ჩხოროწყუს რაიონი სოფელი ხაბუმე არის ის ადგილი, სადაც ჩემი დედ-მამა ცხოვრობს და სადაც მთელი ბავშვობის ზაფხულები მაქვს გატარებული.
ტყუპები შარშან მარტში დაიბადნენ და წინა ზაფხულიც აქ გავატარე. წელსაც აქეთ გამოვეშურე, რადგან მშობლიურ სახლზე თბილი და ტკბილი ბუდე არ არსებობს. აქ სხვანაირად ვსუნთქავ, გულიც სხვანაირად მიძგერს. მინდა, ჩემმა შვილებმაც შეიყვარონ ისე, როგორც მე მიყვარს.
გადავწყვიტე, ცოტა ველურებად გამეზარდა, ანუ მივეცი საშუალება, თავისუფლად ევლოთ ეზოში, ხელით შეხებოდნენ ყველაფერს, რაც მათთვის საინტერესო იქნებოდა. ფეხშიშველებიც დადიან ბალახზე. მუხლი უკვე კარგად გამართეს, ჯანმრთელი ფერი მოუვიდათ…
ვცდილობ [ტყუპები] არ მიეჩვივნენ ტელეფონს, ტელევიზორს. რაც დაიბადნენ, იმ დღიდან ტელევიზორი არ ჩამირთავს. ვარიდებ ტკბილეულს, შოკოლადს…
გვიანი მშობლები ვართ, უფრო უნდა ვიყოთ დაფეთებულები და ყველაფერს თავზე ვაყრიდეთ, მაგრამ არა, არანაირი ზედმეტო სათამაშო! რაც არ შეიძლება, პირდაპირ ვეუბნები: „არა“…
გოჩასთან კამათიც მომდის ხოლმე, როცა ის ბავშვებს ძალიან რბილად ექცევა“, – აღნიშნავს თეონა ცირამუა ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში.
ვიდეო: „ამათ რა ვუყო, მირჩიეთ!“ – თეონა ცირამუა შვილების უსაყვარლეს ვიდეოს გვიზიარებს
