განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2020 და 2021 წლებში მე-9 კლასის მოსწავლეებისთვის ისტორიის 2 ახალ სახელმძღვანელოს გრიფირება მიანიჭა. მოქალაქეების ნაწილში პროტესტი აღძრა წიგნებში ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ ინფორმაციას.
აღნიშნულს გოგი გვახარია ეხმიანება სოციალურ ქსელში და წერს:
“ბევრმა დაწერა უკვე რომ განათლების სამინისტრო უხეშად ერეოდა სახელმძღვანელოს შედგენაში და ამით ცოტა არ იყოს გაამართლა წიგნის ავტორები.
ეს გამართლება (რომელსაც ყველა მივეჩვიეთ) შემზარავია. კინოცენზურის ისტორიის შესწავლისას ამან გამაოცა სწორედ – ქართველი რეჟისორები ხშირად ღიად აცხადებდნენ, რა ვქნათ, მოსკოვმა დაგვიმახინჯა ფილმი, კომპრომისზე რომ უარი გვეთქვა, თაროზე შემოდებდნენო.
1986 წლის საკონფლიქტო კომისიამ, რომელიც სსრკ კინემატოგრაფისტთა ყრილობაზე შეიქმნა, მუშაობის პირველივე კვირას 68 აკრძალული ფილმი დაასახელა, ანუ ის სურათები, რომლებიც ეკრანებზე არ გამოუშვეს მხოლოდ იმიტომ, რომ ავტორებმა კუპიურებზე უარი განაცხადეს. ასკოლდოვის “კომისრის” ნეგატივის დაწვაც კი მოინდომეს (როგორც თავის დროზე “ბეჟას მდელოსი”), უბრალოდ რეჟისორმა მოისყიდა კინოფონდის ყარაული და რამდენიმე ბოთლი არყის ფასად გამოიტანა ფირი:)
ამ სიაში ერთი ქართული ფილმიც არაა:(