გოგი წულაიამ დღეს პერფომანსი საპირფარეშოების თემაზე გამართა – წულაია ქუთაისის მერიაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმოადგენელბისათვის საფენების და ღამის ქოთნების გადასაცემად მივიდა.
ამით „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ქალაქში საპირფარეშოების ნაკლებობას და არსებულების პრობლემურ მდგომარეობას.
“საქველმოქმედო ორგანიზაციამ ამერიკიდან გამოაგზავნა ღამის ქოთნები და საფენები, რადგან საზოგადოებრივი საპირფარეშოები გაუმართავია, ამიტომ გადავცემთ მერს და მოვუწოდებთ, დაურიგოს ტურისტებს და ამით მაინც მოვაგვაროთ პრობლემა. ქალაქის მართვაზე, რომ გაქვს პრეტენზია, ერთი ტუალეტის გახსნა მაინც უნდა შეგეძლოს. დამპირდნენ, რომ თბილისისთვისაც გამოაგზავნიან [ამ საჩუქრებს] და მალე კალაძესაც გავახარებ თბილისში,” – განაცხადა გოგი წულაიამ.
პარტიის წევრებმა მერიაში განცხადება მიიტანეს და ნივთების კანცელარიაში დატოვება სცადეს, თუმცა დაცვის თანამშრომლებმა მერიაში ნივთები მათ არ შეატანინეს.
