პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გოგი წულაიამ ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი დაწვა. ოპოზიციური პარტიის ადგილობრივი ლიდერის განცხადებით, ბიუჯეტის ეს პროექტი მომდევნო წელს ქუთაისის მოსახლეობას კიდევ უფრო გააღარიბებს.
წულაიას განმარტებით, 2019 წლის ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში წერია, რომ ხელფასები მხოლოდ საჯარო მოხელეებს ეზრდებათ.
“ეს არის მოსახლეობის გაღარიბების ბიუჯეტის პროექტი. ეს ადამიანები საერთოდ არ ზრუნავენ ქალაქზე და მათ არ ადარდებთ, ქუთაისის განვითარება. მე მოვუწოდებ საკრებულოში მყოფ ადამიანებს, მხარი არ დაუჭირონ ამ ბიუჯეტს,” – აღნიშნა გოგი წულაიამ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტი ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით 70 მილიონ ლარს გადააჭარბებს.
ქუთაისის მერიაში წულაიას ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებენ.