საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე გაეროს სტატისტიკის კომისიის 56-ე სესიას ესწრება, რომელიც ნიუ-იორკში ტარდება. წლიურ შეხვედრაში გაეროს წევრი ქვეყნების სტატისტიკის სამსახურის ხელმძღვანელი პირები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
გოგიტა თოდრაძე, ვიზიტის ფარგლებში, კომისიის წევრებს მოხსენებით მიმართავს და მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა პანელურ დისკუსიაში. იგი დამსწრე საზოგადოებას წარუდგენს ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის სისტემაში ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებებისა და მიღწეული პროგრესის შესახებ, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერას.
სესიის პარალელურად გოგიტა თოდრაძეს დაგეგმილი აქვს ოფიციალური შეხვედრები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა და პარტნიორი ქვეყნების სტატისტიკის სამსახურების ხელმძღვანელებთან. შეხვედრებზე განიხილება როგორც მიმდინარე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.
