გუშინდელი აქციის მონაწილე ვახტანგ ჯაბანაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ცრემლსადენი გაზის გაშვების შემდეგ ხალხს ქაშუეთის ტაძარში გოგონებისა და ბავშვების შეყვანა სურდათ, მაგრამ მღვდელმსახურმა ამის უფლება არ მისცა.
როგორც ვახტანგი „ფორტუნასთან“ საუბარში აცხადებს, ალექსანდროვის ბაღიდან ქაშუეთის ტაძრის მიმართულებით მიდიოდა, როდესაც ტაძრის ეზოში ხალხი შენიშნა. გაზის გაჟონვის შემდეგ იქ მყოფმა ხალხმა გოგონების და ბავშვების ტაძარში შეყვანის სურვილი გამოთქვეს, რა დროსაც მღვდელმსახურამა უთხრა, ყოველთვის აქ რას შემოდიხართ რა წესიაო და დახურა კარები.
ვახტანგმა „ფორტუნასთან“ დაადასტურა, რომ უშუალოდ თვითონაც იჩენდა ინიციატივას ტაძარში ხალხი შეეყვანა, რათა ისინი უსაფრთხოდ ყოფილიყვნენ.
“00:35 წუთზე იყო ეგ ამბავი. მამაომ ეკლესიის კარები დაკეტა, თავის სახლის კარები რომ დაკეტოს ეგრე, “ – აცხადებს ვახტანგ ჯაბანაშვილი.
მისივე განცხადებით, მის მიერ გამოქვეყნებული პოსტის დადასტურება მის მეგობარსაც შეუძლია.
“მე რაც დავწერე მაგას დაადასტურებს ჩემი ძმაკაციც,” – განაცხადა ჯაბანაშვილმა “ფორტუნას” ჟურნალისტთან მიმოწერის დროს.