გომარდული – საქართველოს კიდევ ერთი 4 სეზონიანი კურორტი ექნება. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ შუახევში, კურორტ გომარდულზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაათვალიერებისას განაცხადა.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ზურაბ პატარაძე საავტომობილო გზის ღორექეთი-გომარდულის 4,4 კმ მონაკვეთზე მიმდინარე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს აჭარის გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად გაეცნო.
„გომარდული იქნება 4 სეზონის კურორტი. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ზამთარში ტურისტები კეთილმოწყობილ გარემოში მივიღოთ. ეს გზა მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით. აქ შესაძლებელი იქნება სპორტსმენებისთვის მოსამზადებელი შეკრებების გამართვა. უკვე გამართულია წყალმომარაგების სიტემა და ელექტრომომარაგება. მოეწყობა გარეგანათება. ვმუშაობთ გაზიფიცირებაზე და ახლო მომავალში ხეობაში შემოვა ბუნებრივი აირი, რაც იქნება დიდი კომფორტი აქაურებისთვის. ეს ულამაზესი კუთხე მალე გახდება რეგიონის ტურისტული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი და ადგილობრივები აქტიურად დაკავდებიან ამ სფეროში“, – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
პროექტის ფარგლებში მოეწყო 70 გრძ/მ გაბიონი, 1170 გრძ/მ რკინაბეტონის კიუვეტი და 27 გრძ/მ ლითონის მილი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 4400 მ ასფალტობეტონის საფარის მოწყობის მოსამზადებელი სამუშაოები. ამ გზის 1,5 კმ მონაკვეთზე საფარის მოწყობა 15 სექტემბერს დასრულდება.