მდგრადი ინფრასტრუქტურისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი – „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და სპეციფიკური ნარჩენების მართვის ასოციაციის Wasteless ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს რეზინით მოდიფიცირებული ასფალტის სამიტი 2026“ (GRAS 2026) გაიმართა. ღონისძიება მდგრადი საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და რეზინით მოდიფიცირებული ასფალტის ტექნოლოგიებში გლობალური გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად.
კონფერენციის ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტებმა და ინდუსტრიის ლიდერებმა იმ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელეს, რომლებიც დღეს ამ მიმართულებით გლობალურად არსებობს. კონფერენციის ნაწილი პანელურ დისკუსიას დაეთმო.

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „თეგეტა ჰოლდინგისთვის“ მდგრადობა საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებში აისახება. მოხარული ვარ, რომ საქართველოს მიეცა შესაძლებლობა, ასეთი მასშტაბური ღონისძიების მასპინძელი ყოფილიყო. GRAS 2026 გვიჩვენებს, რომ ცირკულარული ეკონომიკა საქართველოშიც შეიძლება გახდეს რეალური ეკონომიკური პრიორიტეტი და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანი, სადაც ნარჩენები გარდაიქმნება რესურსად, ქმნის ეკონომიკურ სარგებელს და ამცირებს გარემოზე ნეგატიურ ზემოქმედებას. მსგავსი დისკუსიები ხელს უწყობს ამ მიმართულებით საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობას, ახალი სტანდარტების შემუშავებასა და საგზაო ინფრასტრუქტურის გრძელვადიან მდგრადობას. მიგვაჩნია, რომ საქართველომ ფეხი უნდა აუწყოს თანამედროვე ტექნოლოგიებს, რათა ერთად შევქმნათ უფრო მწვანე მომავალი“.

რეზინით მოდიფიცირებული ასფალტი, რომელიც უკვე 60 წელზე მეტია პოპულარობით სარგებლობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, პორტუგალიაში, ესპანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში, საქართველოში დღემდე არ გამოიყენება. ეს ტექნოლოგია, ჩვეულებრივ ასფალტთან შედარებით, გაცილებით გამძლეა – მისი სიცოცხლისუნარიანობა 8-10 წელია, ამცირებს ხმაურს და წყლის ზემოქმედებას უკეთ უმკლავდება, მეორე მხრივ კი, გარემოს საავტომობილო ნარჩენების მნიშვნელოვან ნაწილს არიდებს.
შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი: „საქართველო იმ წერტილშია, სადაც ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებები, შესაძლოა, განსაზღვრავდეს მომავალი თაობის ეკონომიკურ და გარემოსდაცვით შედეგებს. ეს სამიტი ჩვენთვის უნიკალური შესაძლებლობაა, რომ გავეცნოთ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში დამკვიდრებულ პრაქტიკებს და დავნერგოთ ადგილობრივ დონეზე. ზოგადად, ცირკულარული ეკონომიკა არის მომავლის გზა – ის გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ნარჩენები, როგორიცაა გამოყენებული საბურავები, გარდავქმნათ სასარგებლო რესურსად, რაც უზრუნველყოფს ეკონომიკურ სტაბილურობას, გარემოს დაცვასა და მდგრად განვითარებას“.
(R)
