რუსეთსა და საქართველოს შორის უმაღლეს დონეზე შეხვედრა მომავალში შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის აუცილებელია წინასწარ გულდასმით განვიხილოთ სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები ორ ქვეყანას შორის. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა პრაღაში, საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„იმისთვის, რომ რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართოს, საჭიროა სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოების გატარება, გულდასმით მოხდეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების გადაწყვეტა ჩვენ ორ ქვეყანას შორის“, – აღნიშნა კარასინმა.
მისი თქმით, მოსკოვში იციან, რომ საქართველოს პრეზიდენტის ასეთი შეხვედრისთვის მზადაა. „აი, ჩვენ, ბატონ აბაშიძესთან ვმართავთ რეგულარულ მოლაპარაკებებს პრაღაში, რათა ეტაპობრივად წინ წავიწიოთ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარების საკითხში და ამით მოვამზადოთ ორივე ქვეყნის ლიდერების შეხვედრა“, – განაცხადა კარასინმა.