ყაზბეგში ადგილობრივმა მოსახლეობამ Mountain Set: Kazbegi საფესტივალო ტერიტორია დაარბია. დამტვრეულია ინფრასტრუქტურა.
ინფორმაცია საფესტივალო ტერიტორიის დარბევის შესახებ თავდაპირველად კლუბ BASSIANI-ს დამფუძნებელმა, ნაჯა ორაშვილმა, გაავრცელა.
“ამასობაში ადგილობრივმა მოსახლეობამ დაარბია Mountain Set: Kazbegi-ის საფესტივალო ტერიტორია, დაამტვრიეს ინფრასტრუქტურა და ფიზიკურად გაუსწორდნენ მუშახელს – წმინდა მიწაზე ფეხი არ დადგათო,”- წერს ორაშვილი.
ერთერთი ორგანიზატროის ინფორმაციით, სამი დღის განმავლობაში ყაზბეგში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი იგეგმებოდა, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიოში ცნობილი არტისტები მიიღებდნენ. ორგანიზების დროს ადგილობრივ მოსახლეობასთან უთანხმოება წარმოიქმნა. აქტივისტებმა ღონისძიების სხვა ლოკაციაზე ჩატარება მოითხოვეს, თუმცა ადგილის შეცვლის მიუხედავად მუქარა მათი მხრიდან ისევ გაგრძელდა. ადგილობრივების ნაწილი აცხადებს, რომ ამ ფესტივალით ორგანიზატორები ლგბტ თემს უჭერენ მხარს.
ფესტივალის ორგანიზატორების ინფორმაციით, საუბარია დაახლოებით 25 000 ლარის ზარალზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო, პირველი ქურდობაა, ხოლო მეორე სხვისი ნივთის განადგურება ან დაზიანება. ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ყაზბეგში Mountain Set 28-29-30 ივნისსაა დაგეგმილი.