ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, გუდაურსა და ყაზბეგში მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის პრესტური გაიმართა.
ტურის ფარგლებში ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ჟურნალისტებს კობი-გუდაურის დამაკავშირებელი ახალი საბაგირო დაათვალიერებინა. მედიატურში მონაწილეობა 30-მდე ჟურნალისტმა, ბლოგერმა, ოპერატორმა და ფოტოგრაფმა მიიღო. ტურის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილმა ჟურნალისტებს გააცნო ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის შესაძლებლობები, კობი–გუდაურის ახალი საბაგირო გზა 3 ხაზისგან და 111 გონდოლისგან შედგება.
საბაგირო გზა 7 კილომეტრზე მეტია და ის საათში 2,800 მგზავრს ემსახურება. საბაგიროს გარშემო სათხილამურო გზაზე სრიალი გვიან გაზაფხულამდე იქნება შესაძლებელი.
საბაგირო 6 სადგურის მეშვეობით კობიდან გუდაურის საბაგირო სისტემას უკავშირდება. ტურისტული მიზნების გარდა, საბაგირო საშუალებას იძლევა ზამთარში, დიდთოვლობის ან ზვავსაშიშროების დროს ჩაკეტილი კობი-გუდაურის საავტომობილო გზის ალტერნატივა გახდეს. იმ შემთხვევაში თუ საავტომობილი გზა ჩაიკეტა, ტურისტები და ადგილობრივები სრულიად უსაფრთხოდ შეძლებენ გუდაურიდან ყაზბეგში გადაადგილებას ან პირიქით.
პროექტი დაახლოებით 81 მილიონი ლარის ღირებულებისაა. საბაგირო გზის მშენებლობაზე 300 ადამიანი მუშაობდა.
„მედიის წარმომადგენლებთან ერთად დავათვალიერეთ რეგიონში ყველაზე გრძელი კობი-გუდაურის საბაგირო. ეს საბაგირო ხელს შეუწყობს ყაზბეგის მხრიდან სამთოსათხილამურო კურორტის განვითარებას, კობის როგორც სამთო-სათხილამურო კურორტად ჩამოყალიბებას და უფრო მეტი ვიზიტორის მოზიდვას.
ბოლო წლების განმავლობაში ტურისტების რაოდენობა გუდაურში 500 %-ით გაიზარდა, ზრდა გვაქვს სხვა კურორტებზეც. გუდაურში უახლოეს წლებში ახალი, მაღალი კლასის სასტუმროების მშენებლობა იგეგმება, რაც უმნიშვნელოვანესია რეგიონის განვითარებისთვის, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და მეტი ტურისტის მოზიდვისთვის.
იმ ფონზე, როდესაც საქართველოს სხვადასხვა ქალაქების მიმართულებით ევროპიდან, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ახალი პირდაპირი ავიარეისები ინიშნება, სულ უფრო იზრდება მოთხოვნა საქართველოს სამთო-კურორტებზე, ასეთ დროს უმნიშვნელოვანესია გამართული ინფრასტრუქტურის შექმნა და მაღალი კლასის მომსახურების გაწევა,” – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
