კომპანია ”გეოაგო-15” , რომელიც ”ჩაი N 101″-ს აწარმოებს, გურიაში მინი-საწარმოს გახსნის. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი გოგიშვილმა განუცხადა, ქარხნის მშენებლობა უკვე დასრულებულია და მისი დანადგარებით აღჭურვა მიმდინარეობს. აქ თავდაპირველად 3 ადამიანი დასაქმდება.
”დავიწყეთ უკვე მოსავლის აღება და გვინდა, რომ საწარმოს მშენებლობა დროულად დავასრულოთ. წელს დაახლოებით 5-6 ტონამდე მოსავალს ველოდებით, საიდანაც მზა პროდუქტის სახით 1 ტონამდე ჩაის მივიღებთ”, – აღნიშნა გოგიშვილმა. მისივე ინფორმაციით, პროდუქციის სიმცირის გამო, მისი რეალიზაცია წელს ადგილობრივად, საქართველოშივე განხორციელდება, თუმცა სექტემბრიდან კომპანია გაფართოებას გეგმავს.
როგორც გიორგი გოგიშვილმა განმარტა, ”ჩაი N101” ბაზარზე თავის დამკვიდრებას მაღალი ხარისხით გეგმავს. ”ვაწარმოებთ ჩაის რამდენიმე სახეობას, მათ შორის, მაღალი ხარისხის ბიოლოგიურად სუფთა დუყის ჩაის. 6 ჰექტარზე განთავსებულია ინდო–ჩინური ჩაი, ხოლო 2 ჰექტარზე– ქსენია ბახტაძის მიერ გამოყვანილი ჯიში, რომელიც განსაკუთრებული არომატით გამოირჩევა. ”ჩაი N101” ამზადებს ასევე დუყის წვერის ჩაის, რომელშიც თეთრი ტიფსები არის გარეული, რაც ქმნის უნიკალური ფერისა და გემოს ნაყენს. ვაწარმოებთ მოცვის ჩაისაც, რომელიც გაზაფხულზე იკრიფება ბახმაროს მთებში, არის ეკოლოგიურად სუფთა და გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით”, – აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა.
ცნობისთვის, ”ჩაი N101”-ის 8 ჰექტარი პლანტაციები გურიის მთიან სოფელ ასკანაში მდებარეობს. საწარმოც სწორედ აქ გაიხსნება.