ჩაი ”გურიელის” მწარმოებელი შპს ”გეოპლანტი” ახალი საწარმოო ხაზის დამატებას გეგმავს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა მარიამ ყიასაშვილმა განუცხადა, ”გეოპლანტმა” დანადგარები უკვე შეიძინა და ახლა მათ ჩამოსვლას ელოდებიან.
”უახლესი მანქანა-დანადგარები იაპონიისგან ვიყიდეთ. მათი ჩამოსვლისა და დამონტაჟების შემდეგ კი ჩაის იაპონური სახეობის „სენჩა”-ს წარმოებას დავიწყებთ. ეს არის ყველაზე პოპულარული ჩაი იაპონიაში და საქართველო იქნება მესამე ქვეყანა, იაპონიის და ჩინეთის შემდეგ, რომელიც ამ ჩაის გამოუშვებს. ”სენჩას” გააჩნია სპეციფიკური ფოთლები, თავისთავად, განსხვავებულია მისი გემოვნური თვისებებიც”, – აღნიშნა ყიასაშვილმა. მისივე ინფორმაციით, წარმოების დაწყება 2017 წლიდან იგეგმება.
რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, კომპანია აშშ-ს ბაზარზე შესვლას გასულ წელსაც გეგმავდა, თუმცა ეს პროცესი დროში გაიწელა. როგორც ”გეოპლანტის” მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა განმარტა, ამ ეტაპზე კვლავ მოლაპარაკებები მიმდინარეობს აშშ-ში პროდუქციის გასატანად, თუმცა ჯერ კონკრეტული შეთანხმება მიღწეული არ არის.
შეგახსენებთ, შპს „გეოპლანტი“ 1996 წელს დაარსდა და ჩაის მწარმოებელ უმსხვილეს ქართულ კომპანიას წარმოადგენს. ჩაის პლანტაციების გარდა, “გეოპლანტი“ წარმოებისა და შეფუთვითვის საჭირო დანადგარებსაც ფლობს. კომპანია ჩაის რამდენიმე სახეობს ”გურიელის” ბრენდის ქვეშ აწარმოებს. ადგილობრივი ბაზრის გარდა, პროდუქციის რეალიზაცია რამდენიმე საექსპორტო ბაზარზე ხორციელდება – მათ შორის როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.