გურიის რეგიონში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
გამარჯვებული პროექტებია:
Biocon – სტარტაპი მიზნად ისახავს ლიცენზირებული ბიოლოგიური მასალების (ნაცხების) ლაბორატორიული მარაგების მართვისა და ყიდვა-გაყიდვის პროცესის გაციფრულებასა და ოპტიმიზაციას AI ასისტენტის დახმარებით.
TwinO-ს მიზანია უძრავი ქონების ინდუსტრიაში ავტონომიური გაყიდვების ინფრასტრუქტურის დანერგვა, რომელიც სპეციალიზებული AI Twin-ების (AI Agents) მეშვეობით უზრუნველყოფს შემომავალი მოთხოვნების (leads) 24/7 დამუშავებას და მათ კონვერტაციას დანიშნულ შეხვედრებად. პროექტი მიზნად ისახავს სააგენტოებისა და დეველოპერებისთვის გაყიდვების ციკლის ოპტიმიზაციას.
Smart-Rehab Guria – რობოტიზებული სარეაბილიტაციო სისტემების წარმოება – პროექტის მიზანია ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური და ხელმისაწვდომი სარეაბილიტაციო პლატფორმის შექმნა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის (AI) და რობოტიზებული მექანიზმების გამოყენებით უზრუნველყოფს პაციენტების სწრაფ და ეფექტურ გამოჯანმრთელებას.
რეგიონული საგრანტო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას, ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება-ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.
