ამ ეტაპზე, საქართველოში ელექტროენერგიის მოწოდების პრობლემა არ დგას. როგორც ამ თემაზე საუბრისას ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ქვეყანა ელექტროენერგიის 10-14%-ს იმპორტის სახით იღებს.
„ჩვენ, სამწუხაროდ, იმ დროს, როდესაც ქვეყანას აქვს განახლებადი ენერგიის წარმოების და ზოგადად ელექტროენერგიის გენერაციის უდიდესი პოტენციალი, ჯერ კიდევ გვიწევს მისი იმპორტი. მზარდი ეკონომიკური განვითარების პირობებში, ეს იმპორტი, სამწუხაროდ, ასევე მზარდია. თუმცა, ამ მომენტისთვის ეს არ არის მაინც ძალიან მნიშვნელოვანი რიცხვი, დაახლოებით, 10-14 % -ია, რასაც საქართველო, ზოგადად, იმპორტის სახით იძენს. ელექტროენერგიის იმპორტის ორი ძირითადი წყაროა – რუსეთი და აზერბაიჯანი, ჩვენ დაახლოებით 1.2 გიგავატ/სთ ელექტროენერგიას ვიღებთ რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან – დაახლოებით 600 მეგავატ/სთ-ს, ასევე არის გარკვეული იმპორტი სომხეთიდან“, – აღნიშნა მინისტრმა.
ამასთან, ლევან დავითაშვილის განმარტებით, იმპორტის მაჩვენებელი, ძირითადად, უფრო მზარდი ზამთრის თვეებშია, ადგილობრივი ჭარბი ელექტროენერგიის გენერაცია კი გაზაფხული-ზაფხულის თვეებში ხდება. შესაბამისად, შემდგომ თვეებში, უკვე ადგილობრივი გენერაციის მატებას უნდა ველოდოთ.