მცურავი გაცვლითი კურსი, რომელსაც მერყეობა ახასიათებს, ყოველთვის ითვალისწინებს სხვადასხვა მოვლენას, რომელიც მიმდინარეობს, ამიტომ მოკლევადიან რყევებზე ვერც ერთი ეროვნული ბანკი კომენტარს ვერ გააკეთებს. რაც შეეხება ინფლაციას, მისმა მაჩვენებელმა მარტიდან შემცირება უნდა დაიწყოს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
„პანდემიას მოჰყვა ძალიან ბევრი არასასურველი შედეგი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად. გადაზიდვების ხარჯები ძალიან გაიზარდა, მიწოდების ჯაჭვები გაწყდა ბევრ შემთხვევაში, რამაც დიდი ცვლილებები გამოიწვია ვაჭრობაში, ეკონომიკის ზრდაც უარყოფითი იყო. საქართველოში ეს ნიშნავს, რომ ქვეყანამ, რომელიც ტურიზმისგან საკმაოდ დიდ შემოსვლებს იღებდა, იმის გამო, რომ მობილობა მთელ მსოფლიოში შეწყდა, 2020 წელს დაახლოებით 2.7 მილიარდი დაკარგა. ასეთ შემთხვევაში, წარმოუდგენელია ელემენტარულად, რომ არ მოხდეს კურსის გაუფასურება, კორექტირება. ზუსტად ამიტომაა, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ქვეყანაში დედოლარიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა ასეთი ცვლილებების დროს რაც შეიძლება ნაკლებად დაზარალდეს როგორც მოსახლეობა, ასევე ბიზნესი.
რაც შეეხება კონკრეტულად ვალუტის კურსის მოძრაობას, შეუძლებელია ასეთ სიტუაციაში, როდესაც მცურავი გაცვლითი კურსია, კომენტარები გაკეთდეს. მერყეობა იყო და იქნება, რადგან მცურავი გაცვლითი კურსის შემთხვევაში, სხვადასხვა ცვლილება, რომელიც მსოფლიოში ან რეგიონში ხდება, აისახება გაცვლით კურსში”,- განაცხადა კობა გვენეტაძემ.